სირიაში მიმდინარე რეფერენდუმს, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღებასთანაა დაკავშირებული, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ბრიტანელ უფლებადამცველთა განცხადებით, მთავრობის მიერ დანიშნული რეფერენდუმის მიუხედავად, ხელისუფლებამ ჰომსის ბომბარდირება განაახლა. დაუზუსტებელი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა დღეს 31-ს აღწევს.
სირიელი აქტივისტების თქმით, ქალაქ ჰომსში რეფერენდუმზე გამოცხადება ვერავინ გაბედა. ინტერნეტზე გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს ტალახში და ნანგრევებში გადაყრილი ბიულეტენები.
რეფერენდუმი მეტ-ნაკლები წარმატებით ჩატარდა სირიის შედარებით მშვიდ რეგიონებში. განსაკუთრებული ენთუზიაზმი აღინიშნებოდა დედაქალაქ დამასკოში, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ბიზნეს-წრეებში და რელიგიურ უმცირესობებში ჯერ კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.