რონალდ რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობა

რონალდ რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობა

თებერვალში შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს 100 წელი შეუსრულდებოდა

თებერვალში შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს 100 წელი შეუსრულდებოდა. ამერიკელები რეიგანის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე მსჯელობენ.

რეიგანის პრეზიდენტობა 1981 წლიდან 1989 წლამდე გაგრძელდა და იგი 2004 წელს გარდაიცვალა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ცხადყობს, რომ რონალდ რეიგანი ამერიკელებს შორის კვლავინდებურად პოპულარულ ფიგურად რჩება. სწორედ ამის გამო ბევრი რესპუბლიკელი და ზოგიერთი დემოკრატიც კი დღევანდელ პოლიტიკურ დებატებში რეიგანის სახელს ხშირად იხსენებს.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯიმ მალონი ვაშინგტონიდან იუწყება, რონალდ რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობა კვლავინდებურად მიმზიდველია განსაკუთრებით რესპუბლიკელებისთვის, რომლებიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

როცა რეიგანი 1980 წელს პრეზიდენტად აირჩიეს, კონსერვატიულად განწყობილმა პირებმა მისი გამარჯვება „რეიგანის რევოლუციად“ შერაცხეს. რეიგანის რევოლუციის უმთავრესი ამოცანები იყო ფედერალური მთავრობისა და გადასახადების შემცირება და ამერიკის რეპუტაციის აღდგენა.

როცა რეიგანმა 1989 წელს თეთრი სახლი დატოვა, მან ამერიკელ ხალხს ოვალური ოფისიდან მიმართა:

„ისინი ამას ‘რეიგანის რევოლუციას’ უწოდებდნენ და ამგვარ დახასიათებას ალბათ დავეთანხმები. მაგრამ პირადად ჩემთვის პრეზიდენტობა ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვან ახლებურ აღმოჩენას ნიშნავდა. აღმოჩენას ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი საღი აზროვნებისა “- განაცხადა თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში პრეზიდენტმა რეიგანმა.

დღეს რეიგანი ბევრი რესპუბლიკელისთვის ეროვნულ ასპარეზზე სათაყვანისცემო ფიგურად რჩება. მათ შორის არიან ისინიც, ვინც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ამერიკის ფონდის თაოსნობით ორგანიზებულ რეიგანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ალასკას შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პალინი მიიწვიეს. შეხვედრაზე გამოსვლისას პალინმა კერძოდ აღნიშნა:

„თავს ალბათ რონალდ რეიგანის მსგავს დასავლელ კონსერვატორად ვთვლი. მე ეს ტრადიცია მხიბლავს იმის გამო, რომ მას პატარა ქალაქების მკვიდრთა აზროვნება და შრომისმოყვარეობის, ძლიერი ინდივიდუალიზმისა და მეზობლის სიყვარულის ფასეულობები კარგად ესმოდა.“

გასული წლის კონგრესის არჩევნების დროს, რესპუბლიკელ კანდიდატთა უმრავლესობა რონალდ რეიგანს ხშირად იხსენებდა. ისინი ამომრჩევლებს რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობის შესრულებას ჰპირდებოდნენ.

როგორც მოსალოდნელია, ის რესპუბლიკელები, რომლებიც მომავალ წელს რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ნომინაციას მოინდომებენ, რეიგანის სახელს ხშირად ახსენებენ. ისინი შეეცდებიან დაანახონ ამომრჩევლებს, რომ რეიგანის მსგავსად კონსერვატიულ ფასეულობებს ემხრობიან და მზად არიან კონსერვატიული პრინციპები დაიცვან.

ხოლო ისტორიკოსები რეიგანის პოლიტიკურ მემკვიდრეობაში გარკვეულ ირონიულ მომენტებს ხაზს უსვამენ. მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, რომ მართალია რეიგანმა თავდაპირველად გადასახადები შეამცირა, შემდგომში თავისი პრეზიდენტობის დროს მან გადასახადები რამდენიმეჯერ გაზარდა. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ მან მთავრობის შემცირების პირობა დადო, სინამდვილეში რეიგანის პრეზიდენტობის დროს ფედერალური მთავრობა გაიზარდა.

რონალდ რეიგანს კონსერვატიულად განწყობილი პირების გარდა, ამერიკელთა ფართო პოლიტიკური სპექტრიც პატივს სცემს.

რეიგანის თავყანისმცემელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ რეიგანი ყველას დაამახსოვრდა იმის გამო, რომ მან ეროვნული სულისკვეთება და ოპტიმიზმი გააცოცხლა მაშინ, როცა შეერთებული შტატების ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში იყო და ამერიკელები მსოფლიოში საკუთარ როლს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამკითხვებმა ცხადყო, რომ რონალდ რეიგანი შეერთებული შტატების ისტორიაში აბრაჰამ ლინკოლნის, ჯორჯ ვაშინგტონის, ფრენკლინ დელანო რუზველტისა და ჯონ კენედის გვერდით ერთერთ ყველაზე პოპულარულ პრეზიდენტად რჩება.