არსებობს თუ არა ისლამოფობია აშშ-ში?

არსებობს თუ არა ისლამოფობია აშშ-ში?

მრავალი ამერიკელი მუსლიმანი რელიგიური სიძულვილის მსხვერპლი გახდა.

პატარა პროტესტანტული ეკლესიის მოძღვარმა უკან წაიღო თავისი სიტყვები ყურანის დაწვის შესახებ. თუმცა ამავე დროს ნიუ იორკში ისლამური ცენტრის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა.

ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში ისლამოფობია მართლაც არსებობს. 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 9 წლის შემდეგ, ამერიკაში მუსლიმანები თავს არც თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობენ. ხშირია მეჩეთებზე განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტები. ახლახანს კი ნიუ იორკში ტაქსის მძღოლი დაჭრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუსლიმანი იყო.

მრავალი ამერიკელი მუსლიმანი რელიგიური სიძულვილის მსხვერპლი გახდა. როგორც ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მცხოვრები დანეტ ზაღარი-მასკი აცხადებს, მას ვიღაც უცნობმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერორისტს შეადარა მხოლოდ მისი ჩაცმულობის გამო. სამი შვილის დედა თავის შვილებზე უფრო ნერვიულობს, ვიდრე საკუთარ თავზე.

მისი თქმით:

“ მე ზრდასრული ადამიანი ვარ და ასე თუ ისე გავუმკლავდები ამგვარ გამოხდომებს, მაგრამ როგორ გინდა პატარა ბავშვს აუხსნა ყველაფერი. ჩვენ არ გვინდა რომ მუსლიმი ამერიკელი ბავშვები სამყაროს თავისიანებად და უცხოებად ყოფდნენ, ბოლოს და ბოლოს ყველანი ადამიანები ვართ.“

ასე არ ფიქრობს ვაშინგტონში სტუმრად მყოფი ორეგონელი რიჩარდ პალენი, რომელიც ისლამურ რელიგიას პატივს არ სცემს. მისი თქმით:

“ ყველამ ნახა, რაც მათ გააკეთეს 11 სექტემბერს. მათ ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ აღმართეს ხელი. ჩვენ აქ მშვიდობიანად ვცხოვრობდით და ვმუშაობდით, ისინი კი თავს დაგვესხნენ.“

თუმცა ამერიკის ხმის რესპოდენტთა უმრავლესობას სხვაგვარი აზრი გააჩნია. როგორც მერილენდელი ტოდ ჰეფერტი აცხადებს

:“ ყველას უნდა უხაროდეს ამერიკელთა მრავალფეროვნება. ქრისტიანები, მუსლიმები, ბუდისტები და საინტოლოგები, ჩემთვის ყველანი ერთნი არიან.“

ვაშინგტონელი შელი ჰანი მიიჩნევს რომ:

“ ხალხის დიდ ნაწილს არ ესმის ისლამის მიმდევართა იდეოლოგია. ისინი შეშფოთებულნი არიან და ამ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას საჭიროებენ.“

თავის მხრივ ინდოელი იმიგრანტი მანჯიტ სინგჰა თვლის რომ:

“ ეს ქვეყანა მსოფლიოს ყველა კუთხიდან იღებს იმიგრანტებს, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები არიან. აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას.“

ვაშინგტონში სხვადასხვა კონფესიის წარმომდგენელთა ლიდერები შეიკრიბნენ სინდისის თავისუფლების და რელიგიური შემწყნარებლობის მხარდასაჭერად.

როგორც ბაპტისტების წარმომადგენელი ბრენტ ვოლკერი აცხადებს:

“ ჩვენ ღმერთის თაყვანისცემასთან ერთად ჩვენს ქვეყანას ვცემთ პატივს, გვიყვარს ჩვენი მეზობლები და ყველას თავისუფალ არჩევანს მივესალმებით.“

იგივეს ამბობს რაბი დეივიდ საპერსტაინი:

“ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ და სხვები ამას გულგრილად შესცქერიან. ეს არ უნდა მოხდეს ამერიკაში 2010 წელს.“

ამერიკელ მუსლიმანთა ლიდერებს კარგად ესმით განათლების მნიშვნელობა ისლამის პროპაგანდის საქმეში. როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში ისლამური საზოგადოების ხელმძღვანელი ინგრიდ მატსონი აცხადებს:

“ ამ ქვეყანაში ისლამთან და მუსლიმანებთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობა არსებობს. ამაში უბრალო ამერიკელები ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავე. ისინი ძალზე დაკავებულნი არიან და დრო არ რჩებათ ჭეშმარიტების დასადგენად. ამიტომ ჩვენი ვალია მართალი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ ისლამის შესახებ.“

იყო დრო, როდესაც ამერიკაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათ შორის იყვნენ მორმონები, კათოლიკები და იუდეველები. ახლა ისლამოფობიის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ამერიკა ტრადიციულად ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიური ტოლერანტობით და მომავალშიც ასე იქნება.

როგორც რელიგიური თავისუფლების პროექტის ხელმძღვანელი ჩარლზ ჰაინესი ამბობს:

“ ამერიკის შეერთებულ შტატებში უამრავი მეჩეთი და ისლამური ცენტრი არსებობს. აქ ისლამურ სკოლებში მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით შეუზღუდავად შეიძლება ისლამის შესახებ ცოდნის მიღება. ასეთია ამერიკა და ეს არის ამერიკის მომავალი.“

თუმცა მუსლიმი ამერიკელების უმრავლესობის სურვილია ეს დრო, რაც შეიძლება მალე დადგეს.