შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, შემდეგ კვირას ოფიციალური ვიზიტით ტუნისს და ეგვიპტეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ლიბიის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაც იგეგმება.
ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში თებერვლის პოლიტიკური გარდატეხების შემდეგ, ეს ამერიკის უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელის პირველი ვიზიტი იქნება რეგიონში.
ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ის აგრეთვე გეგმავს დიალოგის დაწყებას ლიბიის ოპოზიციასთან, როგორც ვაშინგტონში, ასევე ლიბიაში და ეგვიპტეში სტუმრობის დროს.
დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები დიდი ხანია ლიბიის ოპოზიციისთვის სამხედრო მხარდაჭერას ან ქვეყანაში არასაფრენი ზონის გამოცხადებას მოითხოვენ. ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ერაყში და სერბიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ ამერიკის მთავრობას მიაჩნია, რომ არასაფრენი ზონის რეჟიმის გამოცხადება პანაცეა არ უნდა გახდეს. მისი თქმით, საერთაშორისო შეთანხმების გარეშე შეერთებული შტატების მიერ ცალმხრივი სამხედრო ჩარევაც ისეთი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს, რომლის შედეგების პროგნოზირება გაჭირდება:
„ძალიან მინდა ხალხმა გაიგოს, თუ რასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ პრეზიდენტის და ჩვენი ადმინისტრაციის განცხადებას: ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ლიბიის მოვლენებს. თითოეული ვარიანტი გულდასმით განიხილება. გვინდა კონგრესმა და მოსახლეობამ კარგად გაიგოს, თუ რას ნიშნავს ჩვენი ამა თუ იმ სახით ჩარევა და რა შედეგებს მოიტანს ის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრეზიდენტი ობამა არ აპირებს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას და დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს“ - განაცხადა ბოლოს სახელმწიფო მდივანმა.