რუსეთში, უკრაინაისა და ბელორუსში პოლიცია პოლიტიკური ოპოზიციის პარტიათა წევრებს გამუდმებით აპატიმრებს. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი გვატყობინებს, რომ წლევანდელი ზამთარი ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში პოლიტიკური თვალსაზრისითაც სუსხიანი გამოდგა.
უკრაინაში ერთერთი სამინისტროს ყოფილი თავკაცი ციხეში ჩასვეს, მეორემ ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი კი სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით უახლოეს ხანში განაჩენს მოელის.
არანაკლებ კრიტიკული მდგომარეობაა მეზობელ ბელარუსშიც. იქ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების ოთხი კანდიდატი დღემდე პატიმრობაში იმყოფება. რაც შეეხება რუსეთს, კრემლის დავალებით რუსი მოსამართლეები ოპოზიციის ორ ქარიზმატულ ლიდერს მიხეილ ხადარკოვსკისა და ბორის ნემცოვს პატიმრობას უსჯიან.
ამ ფონზე "საერთაშორისო ამნისტია" კრემლს სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობაში ადანაშაულებს.
ბუნებრივია იბადება შეკითხვა: რა ხდება ყოფილ საბჭოთა კავშირის სამ წამყვან რესპუბლიკაში და რამდენად კოორდინირებულია მათი პოლიტიკა?
რუსი მეცნიერის იური მაიარშაკის აზრით:
„რამდენიმე დღის წინ რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში მთავრობებმა ერთდროულად გაილაშქრეს ოპოზიციის პარტიების წინააღმდეგ. არა მგონია, ეს ჩვეულებრივი დამთხვევა იყოს“
თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სამივე ქვეყნის მთავრობა საკუთარი გეგმით მოქმედებს.
რუსი ანალიტიკოსი ფიოდორ ლუკიანოვი აღნიშნავს:
„სიმართლე გითხრათ ამ მოვლენებში საერთოს ვერაფერს ვხედავ“
ლუკიანოვის აზრით, კრემლის მიზანია მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს. ამას თან ისიც ერთვის, რომ ქვეყანა სამხედრო შეიარაღებაზე უამრავ ფულს ხარჯავს. ამიტომ რუსეთს არ აწყობს ქუჩის საპორტესტო აქციები ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდოს.
ვიდრე პოლიციელები პროდასავლური და ლიბერალური ძალებისგან მოსკოვის ქუჩებს წმენდენ, კრემლს ნაციონალისტების მოძრაობა აშფოთებს. ბოლო დროს მოსკოვის ქუჩებში გამართულ შეკრებებზე ხშირად გაიგებთ მოწოდებებს: „მოსკოვი მოსკოვლებისთვის“ და „რუსეთი რუსებისთვის“. ეს რუსი ნაციონალისტების პოპულარული ლოზუნგები გახლავთ, რომლებიც რუსეთში ისლამისტური იმიგრაციის წინააღმდეგ ილაშქრებენ და სლავური ქრისტიანული მრწამსის გადარჩენისთვის იღწვიან. რუსეთში დღეს ბევრს სჯერა,რომ თუ ნაციონალისტების ოცნება ახდა და რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ისლამისტურ რეგიონს ჩამოიშორებს, ქვეყანა შვებით ამოისუნთქებს.
ეუგენიუშ სმოლარი ვარშავაში საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორია. მისი აზრით :
„რუსეთისთვის ამ ეტაპზე ყველაზე დიდ საფრთხეს ჩრდილოეთ კავკასია წარმოადგენს. იქ გამუდმებით ხორციელდება ტერორისტული აქტები და ხალხი იღუპება. ასე რომ, საქმე გვაქვს სამოქალაქო ომის შედარებით მსუბუქ ფორმასთან. კრემლი კი, როგორც ყოველთვის ცდილობს სტაბილურობა ნაცადი ხერხებით შეინარჩუნოს.“
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს ნავთობზე გაზრდილმა ფასებმა რუსეთს საშუალება მისცა მშვიდობის გარანტიებით ვაჭრობა გააჩაღოს და დასავლეთის რჩევები ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის განვითარების შესახებ, ყურად არ იღოს.
სმოლარის აზრით, ნავთობის ფასების მატებამ, შესაბამისად კრემლის ძალაუფლებაც გაზარდა:
„პუტინი ახლა ბევრად უფრო თავდაჯერებული და ძლიერია. ნავთობის ფასების კატასტროფულმა ზრდამ ქვეყანას დიდი მოგება მოუტანა. ამ თანხებს მთავრობა სოციალური მიზნებისთვის იყენებს. ეს მიზნები კი, მასების მართვას, სტაბილურობასა და მშვიდობის შენარჩუნებას ნიშნავს.“
რაც შეეხება უკარაინას, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, გასულ წელს ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ უკრაინაში თავისუფალი პრესა იზღუდება და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკიდურესად გამკაცრებულ პირობებში უწევთ საქმიანობა.
მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე უკრაინის ოპოზიციური პარტიების დაქსაქსულობამ ვიქტორ იანუკოვიჩს მწვანე შუქი აუნთო იმისათვის, რომ ქვეყნის სადავეები ხელში ჩაეგდო.
რუს ანალიტიკოსს ფიოდორ ლუკიანოვს მტკიცედ სწამს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ახალი ოპოზიციის ტალღა თავს აუცილებლად დაატყდება:
„ადრე თუ გვიან ქვეყანას ახალი ოპოზიცია მოევლინება“ - აღნიშნავს იგი.
როგორც, კიევში მდებარე რაზუმკოვის ცენტრის დირექტორი ვალერი ჩალი აღნიშნავს, უკრაინელმა ლიდერებმა ქვეყანა რუსეთსა და ევროკავშირთან დაბალანსებული ურთიერთობით უნდა მართონ. თუ არადა, ავტორიტარული რეჟიმი ევროკავშირთან ურთიერთობას სერიოოზულ საფრთხეს შეუქმნის:
„უკრაიანამ უნდა შეინარჩუნოს ევროპული დემოკრატიისკენ აღებული გეზი. თუ იგი რუსეთის მხარეს აირჩევს, ქვეყანა აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში აღმოჩნდება“.
თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაინც ბელარუსი იმყოფება. პრეზიდენტ ლუკაშენკოს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ევროკავშირი კი ამაოდ ცდილობს ქვეყნის მთავრობას ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნაზე უარი ათქმევინოს.
ლუკიანოვის აზრით, ბელარუსის პრეზიდენტის ქმედებები ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება:
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ლუკაშენკო საღ აზრს მოკლებულია. იგი ებრძვის რუსეთს და ამავე დროს ევროკავშირის წინააღმდეგაც გამოდის. ასე რომ, მისმა გაუგებარმა პოლიტიკამ, ქვეყანა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკურის სიძლიერის მქონე ქვეყნების წინაშე პირისპირ დააყენა.“
მიმდინარე პოლიტიკური ბატალიების ფონზე, ისე მოსჩანს, თითქოს რუსეთი და ბელარუსი ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი მეზობლური ურთიერთობით გამოირჩევიან. თუმცა პირველ იანვარს რუსეთმა ბელარუსს გაზის მიწოდება შეუმცირა, რის გამოც ხუთშაბათს ბელარუსის პრემიერ მინისტრი მოსკოვში მიფრინავს, სადაც კრემლის ფარულ დირიჟორს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. სავარაუდოდ, ბელარუსის მთავრობა რუსეთის მიერ შეთავაზებულ ნავთობის ახალ ფასებს დასჯერდება, რითაც მინსკი მოსკოვისგან მილიარდობით დოლარს დაკარგავს.