სოფელ ტყვიავიდან ხელმარჯვნივ თუ გადაუხვევთ და გზას ჩრდილოეთის მიმართულებით გააგრძელებთ, სულ რამდენიმე კილომეტრის გავლა დაგჭირდებათ საზღვრამდე მისასვლელად. საზღვარს ვამბობთ, თორემ, რეალურად საზღვარი პირობითი ხაზია, რომლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს. ამ მიმართულებით სამი ერთმანეთზე მიბმული სოფელი შეგხვდებათ, მერეთი, კოშკი და გუგუტიანთკარი.ეს უკანასკნელი სანახევროდ ოკუპირებულია. ქართული პოლიციის მიერ სოფლის კონტროლირებად ნაწილში მცხოვრები ადამიანები პერმანენტულ შიშსა და დაძაბულობის ატმოსფეროში იმყოფებიან. იქ პირველად მოხვედრილი ადამიანისთვის რთულია ადაპტაცია და აღქმა, თუ რატომ არ შეიძლება დადგა ფეხი შარაგზის მეორე მხარეს. მაშინ, როდესაც იქ არანაირი გამყოფი ზოლი არ არსებობს.
ჩვენი რესპოდენტი გვეუბნება, რომ მისი სახლიდან ორიოდ მეტრში გავლა სახიფათოა, რადგან მის საკუთრებაში არსებულ ბაღზე ამჯერად პრეტენზიას რუსული მხარე აცხადებს.
რატომ დაბრუნდნენ და რატომ ცხოვრობენ ეს ადამიანები იქ, სადაც სიცოცხლე რისკის ქვეშაა?
ამ კითხვას ორგვარი პასუხი აქვს, რომელთა ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - მაშინ, როდესაც შენ კონფლიქტის ზონაში ცხოვრობ. ერთის მხრივ აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. ისინი, ვინც საბავშვო ბაღებსა და სხვა სახელმწიფო ობიექტებში იყვნენ შესახლებულები, ხელიუსფლებამ აიძულა საკუთარ სახლებში დაბრუნებულიყვნენ იმ მოტივით, რომ მათ საცხოვრებელი კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდათ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ცალსახად მოხდა, ისე, რომ არავის არ დაუთვლია სიცოცხლის რისკისა და ცხოვრების შესაძლებლობის ხარისხი. მეორე მიზეზი, რის გამოც ადამიანები აქ ცხოვრობენ, მათივე მრწამსია. ისინი მიიჩნევენ, რომ აქედან წასვლა ტერიტორიის რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს და დანებებას სირცხვილად მიიჩნევენ.
ერთერთი ქალბატონი, რომელიც ჩვენ გვესაუბრა ამბობს, რომ თავად კოშკში სახლს ვერ ტოვებს, შვილები კი გორის ერთერთ საბავშვო ბაღში ჰყავს. დღის წესრიგში მათი გასახლების საკითხი მალე დადგება, რადგან ოჯახს საცხოვრებელი კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივად აქვს.
ანალოგიურ მდგომარეობაშია არაერთი ოჯახი, რომელსაც ცხინვალისპირას მომეტებული რისკის ზონაში აქვს სახლი. ხელისუფლება აპირებს ასეთ ადამიანებს საბავშვო ბაღები დაატოვებინოს და საცხოვრებლად საკუთარ სახლებში გაუშვას.