გიორგი რამიშვილი: "ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი პროექტებში საკუთარ ფულს აუცილებლად ჩადებს"

გიორგი რამიშვილი: "ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი პროექტებში საკუთარ ფულს აუცილებლად ჩადებს"

11 მარტს ნიუ იორკში გავლენიანმა ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ გააფორმეს ხელშეკრულება,რომლის საფუძველზეც თბილისსა და ბათუმში ორი პროექტის განხორციელება იგეგმება. „ამერიკის ხმა“ „სილქ როუდ ჯგუფის“ თავმჯდომარეს გიორგი რამიშვილს გაესაუბრა

ბ-ნო გიორგი, გილოცავთ ხელშეკრულების წარმატებით გაფორმებას. რა სახის ხელშეკრულება დაიდო საბოლოოდ თქვენ კომპანიასა და დონალდ ტრამპის ორგანიზაციას შორის და შარშანდელი მემორანდუმის შემდეგ რაიმე ხომ არ შეცვლილა?

საკმაოდ კარგ პირობებს მოვაწერეთ ხელი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ფინანსური ვალდებულება თუ აიღო დონალდ ტრამპის ორგანიზაციამ თუ დაფინანსება მთლიანად „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკისრება?

კარგია, რომ ეს მკითხეთ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, კონტრაქტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია გათვალისწინებული. პირველია დონალდ ტრამპის სახელი ანუ ლიცენზია, მეორე კი გახლავთ ფულის მოზიდვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი პროექტებში საკუთარ ფულს ჩადებს, თუმცა არც ესაა გამორიცხული. განსაკუთრებულად მნიშნელოვანია ისიც, რომ ტრამპი დაგვეხმარება ამერიკისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფულის მოზიდვაში. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს მარკეტინგისა და მენეჯმენტის დონეზე. მე მგონი ეს არის ძალზე კარგი პარტნიორული კონტრაქტი დონალდ ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის.

თქვენი აზრით, რატომ მიიქცია ამ ხელშეკრულებამ მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღება?

პირველი ის გახლავთ, რომ დონალდ ტრამპი ძალზე ცნობილი ფიგურაა და მასმედიას ყოველთვის სერიოზულად ელაპარაკება.მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ როცა პრეზიდენტი რომელიმე ბიზნეს ხელშეკრულებას თავად ესწრება, ამით მოვლენას განსაკუთრებული ხაზი ესმება. ამერიკა-საქართველოს შორის კარგმა ურთიერთობამ ჩვენს პროექტს კიდევ უფრო მეტი წონა შესძინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკულმა მასმედიამ ეს მოვლენა ძალზე დადებითად შეაფასა. ამერიკელებს უყვართ კარგი ინფორმაციების მოსმენა და მათ ეს თვალსაჩინო ბიზნესმენისგან -დონალდ ტრამპისგან მოისმინეს. ეს კი იმას ნიშნავს,რომ საქართველო ამერიკული ბიზნესისთვის ღიაა.

კონტრაქტის მიხედვით რომელია პირველი პროექტი?

სულ დაგეგმილია ორი პროექტის განხორციელება: თბილისსა და ბათუმში. ვიწყებთ ბათუმით. ბათუმის პროექტი ჩვენი აზრით, მარკეტინგის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია.