ჩერქეზული დიასპორა ისტორიული სამართლიანობისთვის

ჩერქეზული დიასპორა ისტორიული სამართლიანობისთვის

ჩერქეზების აზრით, ოლიმპიური მშენებლობა სოჭში ჩერქეზების ძვლებზე მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ „მოსკოვ თაიმსმა“ ალექსანდრა ოდინოვას სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინააღმდეგ ამზადებს კამპანიას, რომელიც ანალიტიკოსების აზრით, კავკასიაში ძალადობის გაჩაღებას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად კი ჟურნალისტის ფიქრობს, რომ ჩერქეზული დიასპორა იქნება გამოყენებული. ოდინოვამ გაიხსენა, ჩერქეზების დამოკიდებულება, რომლებმაც ოლიმპიადის ჩატარება ოსვენციმში ღონისძიების გამართვას შეადარეს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო მასალა მოამზადა „ამერიკის ხმის“ რუსულმა განყოფილებამ:

„ჩერქეზების აზრით, მთელი ეს ოლიმპიური მშენებლობა სოჭში, უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩერქეზების ძვლებზე მიმდინარეობს. ასორმოცდაათი წლის წინ, ხომ ისინი სწორედ აქ დამარცხდნენ საბოლოოდ სისხლისმღვრელ კავკასიურ ომში, 1864 წლის მაისში, ანუ ხუთი წლის შემდეგ, რაც იმამი შამილი რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს,“ - ამბობს მოსკოვის ეთნოლოგიის და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი არუთინოვი.

კავკასიის საკითხზე თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ჩერქეზული კონგრესის“ ლიდერმა რუსლან კეშევმა განაცხადა, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება თვითმიზანი არ არის და ჩერქეზთა კონგრესი ისტორიულ სამშობლოში, ჩერქეზების ერთიანობის აღდგენას ესწრაფვის.

ბრიტანელი პუბლიცისტის სტივენ შენფილდის აზრით, კი ჩერქეზთა გენოციდის იგნორირება აღარ ხდება, როგორც ეს ადრე იყო.

რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი კი მიიჩნევს, რომ ჩერქეზების თემის დატრიალება ხელოვნურად ხდება. მისი თქმით, ჩერქეზული პრობლემის გამოყენება რუსეთის სტაბილურობის წინააღმდეგ ყოველთვის ხდებოდა.

საინტერესოა, თუ რატომ იყო ჩერქეზთა გენოციდი ტაბუდადებული თემა საბჭოთა ლიბერაული ინტელიგენციის მიერ, რომლებიც არც თუ ცუდად იყვნენ გათვითცნობიერებულნი საბჭოთა ხელმძღვანელობის ე.წ. წარმატებებში, კერძოდ კი ნაციონალური საკითხებში.

სერგეი არუთინოვის აზრით, მეცნიერები უბრალოდ ცდილობდნენ არ შეხებოდნენ კავკასიის ომის თემას, როდესაც ჩერქეზებმა უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს. არუთინოვი ამბობს, რომ ჩერქეზები ერთადერთი ხალხია კავკასიაში, რომლის 80 პროცენტიც ემიგრაციაში ცხოვრობს - მეტწილად თურქეთში, იორდანიაში და სხვა ქვეყნებში.

ამის თაობაზე სხვადასხვა ციფრობრივი შეფასებები არსებობს, თუმცა ყველაზე მართებულია ალბათ, თუ ვიფიქრებთ, რომ ჩერქეზები დღეს დაახლოებით 4 მილიონს შეადგენენ.

ეთნოლოგი ახმეტ იარლიკაპოვი კი ყვება, თუ როგორ ხდებოდა ჩერქეზთა გენოციდი. ეს იყო ნამდვილი ტერორი. რუსეთის ჯარის დანაყოფები წვავდნენ მთლიანად სოფლებს, იგივე აულებს.

შედეგად კი, ჩერქეზთა კონგრესის ლიდერის რუსლან კეშევის თქმით, 1864 წლის მაისში კავკასიაში ჩერქეზთაგან მხოლოდ 5 პროცენტი დარჩა.

სერგეი არუთინოვი ამბობს, რომ დარჩენილ ჩერქეზებს უფლება არ ჰქონდათ დარჩენილიყვნენ მთიან აულებში. მათ ქონდათ არჩევანი ან ჩასულიყვენ ბარში, სადაც ისინი რუსების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებოდნენ ან აყრილიყვნენ და გადასახლებულიყვნენ თურქეთში. ჩერქეზებთა უმრავლესობამ სწორედ ეს მეორე გზა აირჩია.

ჩერქეზთა დიასპორა შეერთეულ შტატებშიც არსებობს, თუმცა ეს არაა მათი მთავარი ცენტრი. აქ მცხოვრები ჩერქეზების რაოდენობა ათი ათას ადამიანს არ აღემატება. ჩერქეზების ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა ყოფილი ოსმალეთის იმპერიის თანამედროვე ტერიტორეიბზე გვხვდება. ეს ქვეყნებია: თურქეთი, იორდანია, ეგვიპტე, სირია, ისრაელი, ხოლო ევროპიდან კი ჩერქეზები მრავლად არიან გერმანიაში.

კალიფორნიაში ჩერქეზული დიასპორის ხელმძღვანელია ჯონა ხაგორი. მისი თქმით, დევნილობაში ჩერქეზების უკვე მეხუთე თაობა ცხოვრობს. რაც ყველაზე მტკივნეულია, მშობლიურ ენაზე მხოლოდ ათი პროცენტი თუ საუბრობს. მისი თქმით, საუბარია ჩერქეზების, როგორც ერის გადარჩენაზე.

"უკვე ორი ათწლეულზე მეტია, რაც ჩერქეზული დიასპორა რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ცდილობს" - ამბობს ხაგორი, "თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთის სათავეში ვლადიმირ პუტინი მოვიდა, ვითარება უარესობისკენ შეიცვალა."

სკოლების პროგრამებიდან უკვე ჩერქეზული ენაც ამოიღეს. ასევე შეიცვალა რეპატრიაციის კანონი და იგი ჩერქეზებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. სწორედ ამის შემდეგ ჩერქეზული დიასპორები შეთანხმდნენ, რომ აერჩიათ ბრძოლის სახალხო- საერთშორისო გზა. როგორც ხაგორი ამბობს, ეს უბრალოდ იძულებითი ნაბიჯი გახდა.