ისლამური მოძრაობების გავლენა იზრდება

ისლამური მოძრაობების გავლენა იზრდება

ჩრდილოეთ აფრიკაში ისლამური ექსტრემიზმის საფრთხე ბევრ მსოფლიო ლიდერს ადარდებს

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რიგითმა მოქალაქეებმა ავტოკრატული მმართველობის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციები გამართეს. ისინი უფრო ეფექტურ სახელმწიფო მართვას, კორუფციის აღმოფხვრასა და უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ითხოვენ. დემონსტრანტები საზოგადოების ყველა ფენას წარმოადგენენ. მათ შორის არიან ისინიც, ვინც წარსულში აკრძალული ისლამური ჯგუფების წევრები იყო.

23-წლიანი მმართველობის მანძილზე ტუნისის ყოფილი პრეზიდენტი ზინე ელ აბიდინ ბენ ალი ოპოზიციურ ჯგუფებს უმოწყალოდ დევნიდა. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ტუნისში ისლამური წყობის შემოღებას ემხრობოდნენ. მაგრამ ბენ ალის გადადგომის შემდეგ ტუნისში წარსულში აკრძალული ისლამური პარტია „ენაჰდას“ ლიდერი რაშიდ განუჩი დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ განუჩი 22 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იყო განდევნილი. ტუნისის აეროპორტში მას ბევრი მხარდამჭერი ხვდებოდა.

„ისლამური მოძრაობები მრავალფეროვანია. ის პოლიტიკური სივრცე, რომელსაც ისინი იკავებენ ოსამა ბინ ლადენით იწყება და თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოგანით მთავრდება. მაშ რატომ სურს მედიას ჩემი წარმოჩენა თითქოს მე მეორე ბინ ლადენი ან აიათოლა ჰომეინი ვარ მაშინ როცა მე ერდოგანთან უფრო მეტი საერთო მაქვს?“ - განაცხადა რაშიდ განუჩიმ ტუნისში ჩამოსვლის შემდეგ.

საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ ტუნისურ საზოგადოებაში ეს საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით „ენაჰდას“ კრიტიკოსი ადელ ზუაბი:

„განუჩის იდეოლოგია ექსტრემისტულია და თუ ჩვენ მას ავირჩევთ, ეს კიდევ ერთი ბენ ალის არჩევის ტოლფასი იქნება.“

ამ შეხედულებას არ იზიარებს „ენაჰდას“ მომხრე მოჰამედ ღარბი:

„არც ბენ ალი და არც ტუნისის პირველი პრეზიდენტი ჰაბიბ ბურგიბა ისლამისტებს არ ახარებდა. რატომ არ უნდა მივცეთ ჩვენ მათ შანსი?“ - აღნიშნა მოჰამედ ღარბიმ.

თავის დროზე ბენ ალიმ „ენაჰდა“ ისლამურ ტერორისტულ ჯგუფად შერაცხა, მაგრამ ექსპერტების ერთი ნაწილი ამ პარტიას ზომიერ პოლიტიკურ ძალას უწოდებს. ვაშინგტონში მდებარე ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის თანამშრომელი და წიგნ „მოახლოვებული რევოლუციის“ ავტორი ვალიდ ფარესი „ენაჰდას“ ეგვიპტის მუსლიმთა საძმოსა და თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ადარებს:

„მათ უფრო აქტიური მონაწილეობის მიღება სურთ, რათა ახალ მთავრობაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. მაგრამ ნამდვილი გამოწვევა იქნება ის, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ჯერჯერობით ხომ გაურკვეველია ის, თუ რა მოთხოვნებს წამოყენებენ ისინი. მოითხოვენ თუ არა ისინი სრულიად ისლამისტური საემიროს დაარსებას თუ თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მსგავსად მოიქცევიან?“- აღნიშნავს ვალიდ ფარესი.

იენ ლესერი 1990-იან წლებში ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბილ კლინტონის მრჩეველი გახლდათ:

„ლიბიაში სხვადასხვა სახის ილსამიზმი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს. შეიძლება გამოჩნდეს როგორც ლეგიტიმური პოლიტიკური ძალები, ისე საერთაშორისო ტერორიზმში დაინტერესებული ელემენტები “ - აღნიშნავს იენ ლესერი.

ჩრდილოეთ აფრიკაში ისლამური ექსტრემიზმის საფრთხე ბევრ მსოფლიო ლიდერს ადარდებს. ამ მხრივ გამონაკლისს არც იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ განაცხადა:

„ჩვენ არ გვსურს, რომ ვითარება საშიში მიმართულებით განვითარდეს და ამ საზოგადოებების მომავალი ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა განსაზღვროს.“

წარსულში ტუნისისა და ეგვიპტის მთავრობები ისლამური ექსტრემიზმის საფრთხეს საკუთარი ავტორიტარული მმართველობის გასამართლებად იყენებდნენ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტუნისში შექმნილი ვითარება ეგვიპტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ცხადია, რომ რელიგიურ ფაქტორს პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც ლეგიტიმური ისე ექსტრემისტული ფუნქციის შესრულება შეუძლია.