შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ობამამ საუბარში აღნიშნა ის ცნობები, რომელიც საარჩევნო დარღვევების შესახებ მიუთითებდა, თუმცა ამავე დროს მიესალმა ბატონი მედვედევის ვალდებულებას დარღვევების გამოძიების თაობაზე. ამასთანავე, პრეზიდენტი ობამა მიესალმა რუსეთის ხელისუფლების მიერ დემონსტრაციების დაშვების ფაქტს.
ბარაკ ობამას განცხადებით, საპროტესტო აქციები ეს არის სამოქალაქო საზოგადოების არსებობის დადასტურება, რაც თანხვდება ბატონი მედვედევის ინიციატივას რუსეთის მოდერნიზაციის შესახებ. ამასთანვე პრეიზდენტმა ობამამ თავის რუს კოლეგას მიულოცა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოწვევის მიღება რუსეთის ამ ორგანიზაციაში წევრობაზე.