ახალი რაუნდი ირანთან

თეირანი ამტკიცებს, რომ პარჩინი ჩვეულებრივი სამხედრო ბაზაა.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს. დღეს ვენაში ამ ორგანიზაციაში ირანის წარმომადგენელთან ალი აშგარ სოლთანეისთან გაიმართა შეხვედრა.

გაეროს დამკვირვებლები ირანის პარჩინის სამხედრო ბაზაზე დაშვებას მოითხოვენ, სადაც მათი აზრით, ირანი საიდუმლო ბირთვულ სამუშაოებს აწარმოებს. თუმცა ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი, ბრიტანელი ენტონი სკინერი ეჭვობს, რომ ამ მოლაპარაკებას რეალური შედეგი მოჰყვება.

მისი თქმით:

“ ირანელები ორმაგ თამაშს თამაშობენ. ისინი ხან შემხვედრ ნაბიჯებს დგამენ, ხან ჯიუტობენ და დიალოგის შეწყვეტას უწყობენ ხელს.“

თეირანი ამტკიცებს, რომ პარჩინი ჩვეულებრივი სამხედრო ბაზაა და მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

დღეს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი პეკინში თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა, რომელმაც ირანს გაეროსთან მოლაპარაკების დროს მეტი მოქნილობის გამოჩენისკენ მოუწოდა.