ეთნიკური ჯგუფები საქართველოში

ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საქართველოში (6,6% ) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომლებიც კომპაქტურად ქვემო ქართლში ცხოვრობენ.

26 აპრილს ევროპის სახლში თბილისში საქართველოს გაეროს ასოციაციამ ოფიციალურად გახსნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი ” ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში”. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის დამყარების გზით, ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაცია გააძლიეროს.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16,2%-ს შეადგენენ. ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საქართველოში (6,6% ) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომლებიც კომპაქტურად ქვემო ქართლში ცხოვრობენ.

გაზეთ ”გურჯისტანის” რედაქტორი სულეიმან სულეიმანოვი ამბობს:

” თქვენც ალბათ იმის მოწმე ხართ, რომ საქართველოში მოდის ახალგაზრდობა, რომელიც ფლობს ქართულ ენას მაღალ დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ახალგაზრდები მაღალ დონეზე ილაპარაკებენ ქართულად. მე სოფელში დაბადებული-გაზრდილი კაცი ვარ, მე მიჭირს ქართულად საუბარი. ჩემი ვაჟიშვილი თბილისში დაიბადა, მას ენის პრობლემა მოხსნილი აქვს. ენა არის ჭიშკარი, ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.

ჩემი პირადი აზრია, რომ სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ერების წარმომადგენლები საქართველოში ძმურად ცხოვრობენ. აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში როგორც ადრე ცხოვრობდნენ, ისე ცხოვრობენ ახლაც. ე.ი. არის მხოლოდ კრიტიკა, ( ერთმანეთს ვაკრიტიკებთ) რატომ არ იცი სომხური ენა? მე კი ვიცი, სხვებმა არ იციან. ჩემი კოლეგა ვან ბაიბურთი ძალიან კარგად ლაპარაკობს აზერბაიჯანულად, იმიტომ რომ ადრე, ბავშვობაში იგი ცხოვრობდა ხარფუგში, აზერბაიჯანელების მიერ დასახლებულ ქუჩაზე თბილისში, მაიდანზე.. როგორც ვცხოვრობდით, ისევ ისე ვცოვრობთ ჩვენ. ”

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მეორე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ სომხები (5,7%), ისინი ძირითადად კომპაქტურად არიან ჩასახლებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში . სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ექსპერტი მარი მიქოიანი ეროვნული უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით ამბობს:

” ძალიან დიდ პრობლემად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქმედითი ნაბიჯი იყო გადადგმული რეგიონებში, ძალიან სერიოზულ პრობლემად რჩება დღესდღეობით თარჯიმანთა პრობლემა. განსაკუთრებით ეს ეხება პენიტენციალურ სისტემას, სასამართლოებს, წინასწარ დაკავებაში მყოფ ადამიანების უფლებებს. მათ აქვთ კონსტიტუციურად მინიჭებული უფლება მიიღონ ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე, რაც აბსოლუტურად არის მოშლილი. რამდენიმე შეკითხვა იყო დასმული კონკრეტული სამინისტროს მიმართ, სამწუხაროდ დღემდე პასუხი არ არსებობს. იგივე პრობლემაა სამწუხაროდ სახელძღვანელოების თარგმანთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგებარი კონტექსტებია, ვერ გაიგებ რა არის თარგმნილი. რაც შეეხება მედიას, დღესდღეობით ეროვნული უმცირესობებისთვის ”პირველი საინფორმაციო კავკასიური” არხი ამზადებს კვირაში 5 დღის განმავლობაში 3-ენოვან გამოშვებებს (საზოგადოებრივ მაუწყებელსაც აქვს მსგავსი ტიპის გამოშვებები, სომხურ, ოსურ და აფხაზურ ენაზე). გარდა ამისა, ამზადებს კვირაში 2-ჯერ , ჯერჯერობით 15 წუთიანი ქრონომეტრაჟით რეგიონალურ გამოშვებებს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს გადაცემები არის პოლარიზებული და ტენდენციური და მხოლოდ სახელისუფლებო პოზიციას აჟღერებს, ეს ნამდვილად ასე არ არის. მაქსიმალურად არხი ცდილობს, მიაწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია. ოპოზიციის წარმომადგენლები როდესაც აქტიურობენ, თუ ხელმისაწვდომია ჩვენთვის პრეს-რელიზი, რას აკეთებენ, სად მიდიან და ვის ხვდებიან, მე პირადად, როგორც ამ გამოშვების მთავარი პროდიუსერი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი პრობლემა არ არის ამის გაშუქება ანუ, არავინ არ გიკრძალავს. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო.. ეს არის ენის ცოდნა და არ ცოდნა. სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და როდესაც საუბარია იმაზე, რა დოზით უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა.დავიწყოთ იქედან, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა არ არის იმპერატიულად დავალებული მოვალეობა. არა. უბრალოდ, ადამიანს თუ აქვს იმის განცდა, რომ იგი არის ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე და სურს იყოს ინტეგრირებული, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა საკვირველია, მან უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა და ამის ერთ-ერთი მაგალითი მათ შორის მე ვარ."