მსოფლიოს ბირჟებზე გამოცოცხლება შეინიშნება

მსოფლიოს ბირჟებზე გამოცოცხლება შეინიშნება

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე ამას სპეციალისტები ელოდნენ.

უოლსტრიტზე რამდენიმე დღის მერყეობის შემდეგ აქციათა ფასებმა მცირედით მოიმატა. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ გარემოებაზე ორმა ფაქტორმა იმოქმედა: ერთი ის, რომ გერმანელმა კანონმდებლებმა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მომდევნო პაკეტის გამოყოფა დაამტკიცეს, რის გამოც საბერძნეთის ეკონომიკას დეფოლტი აღარ ემუქრება. მეორე კი გახლდათ უახლესი ანგარიში შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმაზე მეტია, ვიდრე ამას სპეციალისტები ელოდნენ. მეორე კვარტალში აპრილიდან ივნისამდე ეკონომიკურმა ზრდამ 1.3 პროცენტი შეადგინა, რაც მათ პროგნოზს 0.3-ით აჭარბებს. ამასთან ახალ უმუშევართა რაოდენობა ამერიკაში ბოლო კვირის მანძილზე მკვეთრად დავარდა და 391 ათასი შეადგინა. ეს მონაცემი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ყველაზე დაბალია. როგორც ჩანს, ინვესტორებს იმედი მიეცათ, რომ ამერიკა ხელმეორე რეცესიას შესაძლოა გადაურჩეს და უოლსტრიტიც შედარებით გამოცოცხლდა.

ინვესტორთა განწყობაზე საბერძნეთის საკითხის მოგვარებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. თუმცა, ეკონომისტ -შტეფან ბილმეიერს- გერმანიის DZ ბანკიდან მიაჩნია, რომ გერმანელი კანონმდებლების მიერ ევროზონის გადარჩენის ფონდის გაზრდა საკმარისი არ არის და უფრო სრულყოფილი გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

„ის რაც მოხდა, უდავოდ არის მხოლოდ სიგნალი, რომელიც ევროპაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნას მოასწავებს. რაღა თქმა უნდა, ბევრად მეტი სტიმულირებაა საჭირო, რომ ინვესტორები დაწყნარდნენ და ბაზრები საბოლოოდ დარეგულირდეს“ - ამბობს ბატონი ბილმეირსი.

ევროპულ ბაზრებზეც მატებაა, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ 593 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტი შესაძლოა საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს. რომ აღარაფერი ვთქვათ იტალიის და ესპანეთის შესაძლო დახმარებაზე, აღნიშნავს საბანკო სტრატეგი ნიკ პარსონსი ავსტრალიის ეროვნული ბანკიდან.

საბერძნეთში საპროტესტო აქციები არ განელებულა. ათენში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამკვირვებლები იმყოფებიან. ინსპექცია გაარკვევს, თუ რამდენად დააკმაყოფილა საბიუჯეტო შეკვეცის მოთხოვნა საბერძნეთის პარლამენტმა, რომელიც შემდეგი 11 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა გახლდათ.