თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონი

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონი

პრეზიდენტი ობამა ამ კანონების მიღებას უჭერს მხარს, მაგრამ მანამდე კონგრესი ერთი პირობის შესრულებას მოითხოვს.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ განსახილველი კანონები ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშის დროს შემოიღეს. ობამას ადმინისტრაციის სამწლიანი მმართველობის შემდეგ ეს კანონები შეერთებული შტატების კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

პრეზიდენტი ობამა ამ კანონების მიღებას უჭერს მხარს, მაგრამ მანამდე კონგრესი ერთი პირობის შესრულებას მოითხოვს, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის გაძლიერების პირობებში ამერიკელი მუშების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. კერძოდ სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის განკუთვნილია ახალი საწვრთნელი კლასების შემოღება და სამედიცინო დაზღვევის გარანტირება.

დემოკრატი სენატორი რობერტ კასეი პენსილვანიის ინდუსტრიული შტატის წარმომადგენელია, რომელიც ეკონომიკურმა კრიზისმა ძალზე დააზარალა. მისი თქმით:

"ამ კანონის მიღებით, ჩვენ თქვენს დახმარებას ვაპირებთ, რათა ეს ხანმოკლე კრიზისი და უმუშევრობის პრობლემა დავძლიოთ. მუშებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი, რომელიც არა მარტო ახალი სამუშაოს შოვნის ალბათობას გაზრდის, არამედ იმგვარი ხელობის დაუფლებას ითვალისწინებს, რომელიც მათი ოჯახის შემოსავალს კიდევ უფრო გაზრდის.“

ამ პროგრამის კრიტიკოსები თავის მხრივ ამბობენ, რომ ეს ძვირადღირებული პროგრამა დიდ შეღავათებს ითვალისწინებს უმუშევრად დარჩენილი ნებისმიერი პიროვნების მიმართ, რომელიც ამტკიცებს, რომ საგარეო კონკურენციის გამო დაკარგა სამსახური.

როგორც რესპუბლიკელი სენატორი ფლორიდის შტატიდან მარკო რუბიო აცხადებს:

“თუ ჩვენ არ გადავჭრით უსამართლო ვაჭრობის პრობლემას, ამგვარი დროებითი ხასიათის ღონისძიებები ვერ გვიშველის. საჭიროა ამ საკითხზე მუდმივი მუშაობა და გრძელვადიანი პროექტის შემუშავება.“

პრეზიდენტ ობამას განცხადების თანახმად, სამხრეთ კორეასთან, კოლუმბიასთან და პანამასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება ამერიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, იმ დროს, როდესაც ეს საკითხი ასე მწვავედ დგას შეერთებულ შტატებში.

რესპუბლიკელი სენატორის მიჩ მაკონელის განცხადებით, როდესაც შეერთებული შტატები მთელს მსოფლიოში კარგავს სავაჭრო პოზიციებს, სხვა ქვეყნები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მეშვეობით, ამერიკის ხარჯზე გლობალურ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას ცდილობენ. მისი თქმით:

“ როდესაც ჩვენი სავაჭრო წარმატებები მცირდება, ევროკავშირმა 16 სავაჭრო ხელშეკრულება დადო 46 ქვეყანასთან. იაპონიამ 7 ხელშეკრულება გააფორმა 38 სახელმწიფოსთან, ჩინეთმა კი 11 გარიგება გაახერხა 18 ქვეყანასთან. ასეთ ვითარებაში, რაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა შეერთებულ შტატებს არცერთი სავაჭრო ხელშეკრულება არ გაუფორმებია თავის პარტნიორებთან.“