ვიკილიკსის შემქმნელის ჯულიან ასანჟის ადვოკატები ცდილობენ ხელი შეუშალონ მის შვედეთში ექსტრადაციას. შეგახსენებთ, ასანჟს სქესობრივ ძალადობაში ედება ბრალი. ადვოკატების თქმით, შვედეთში მისთვის არ არის გარანტირებული მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი.
საექსტრადაციო მოსმენა სამი დღე გაგრძელდა. შვედეთის მხარე ვიკილიკსის დამაარსებლის დაუყონებლივ ექსტრადაციას მოითხოვდა. ასანჟის ადვოკატები კი აცხადებდენ, რომ „სქესობრივი ძალადობა“ მხოლოდ კონსენსუალური ტერმინია და რეალურად ბრალდებას პოლიტიკური მოტივაცია აქვს. ჯულიან ასანჟი სასამართლოს შენობიდან ძალზე გაღიზიანებული გამოვიდა, რადგან მას ადვოკატებმა არ მისცეს უფლება ესაუბრა ძალადობის ბრალდებაზე:
“არ მომეცა საშუალება ამბის ჩემეული ინტერპრეტაცია გამეცნო დამსწრეებისთვის. უფლება გვქონდა გვედავა მხოლოდ ექსტრადაციის ლეგიტიმურობის პროცედურულ რეგულირებაზე და არა საქმის არსზე. ჩემ სიტუაციაში მყოფი ადამიანისთვის ეს ძალზე დიდი უსამართლობაა.“
დიდ ბრიტანეთში საექსტრადაციო მოსმენა, როგორც წესი, არ ითვალისწინებს თვითონ ბრალდების ან მისი რომელიმე ასპექტის განხილვას.
უნდა აღინიშნოს, ასანჟის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მარკ შტეფანსმა, გამოხატა სერიოზული შეშფოთება შვედი პრემიერ მინისტრის, ფრედერიკ რეინფელდტის, ჯულიან ასანჟის შესახებ გაკეთებულ კომენტარებზე.
„ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია პოლიტიკოსის მცდელობა სასამართლომდე ბრალი დასდოს ადამიანს. იმედი მაქვს, ხალხი საკითხის ამგვარ პოლიტიზირებას ცოტა მეტი სკეპტიციზმით შეხვდება“.
პროცედურის მსვლელობისას შვედეთის მხარემ უარყო ქვეყნის პრემიერის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და შეეცადა ჯულიან ასანჟის ექსტრადაციის სამართლიანობა დაესაბუთებინა.
საქმე 24 თებერვლისთვის გადაიდო. მოსამართლემ განაცხადა, რომ მხარეებს ექნებათ გასაჩივრების უფლება და ისინი მას უთუოდ გამოიყენებენ.
საექსტრადაციო საქმეების ექსპერტთა თქმით, განხილვა შეიძლება ერთ წლამდე გაჭიანურდეს. ამასობაში კი ასანჟი ბრიტანული პროვინციის მკაცრ შინაპატიმრობაში იმყოფება.