გენერალი მარტინ დემპსი ერაყის და ავღანეთის ომების ვეტერანია. მას ამერიკაში უმაღლესი სამხედრო თანამდებობა იმ დროს ჩააბარეს, როდესაც პენტაგონის ბიუჯეტი 450 მილიარდი დოლარით უნდა შემცირდეს. ერაყიდან და ავღანეთიდან კი ჯარების გამოყვანაა დაგეგმილი.
არმიის გენერლის თანამდებობის დატოვების წინ მან თავისი შეხედულებები ასე ჩამოაყალიბა:
,,“ამერიკის არმიის მომავალზე აზრთა სხვადახვაობა არსებობს, მაგრამ მის დასუსტებაზე ლაპარაკი ზედმეტია. შესაძლოა ის უფრო მცირერიცხოვანი იყოს. ისიც არ არის გამორიცხული რომ შეიცვალოს მისი სტრუქტურა, მაგრამ ის მსოფლიოში კვლავაც საუკეთესო დარჩება და იმას გააკეთებს რაც ქვეყნისთვის აუცილებელია.“
დემპსის რეპუტაცია არმიაში შეურყეველია. მას იცნობენ როგორც ინტელექტუალს და გამორჩეულ სტრატეგს, რომელიც ვაშინგტონის უდიდესი ნდობით სარგებლობს.
სამხედრო ანალიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ მისთვის დამახასიათებელ კრიტიკული აზროვნების უნარს. როგორც ვაშინგტონის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანამშრომელი კლარკ მარდოკი აღნიშნავს:“ მან სხვადასხვა სამხედრო მეთაურის თანამდებობაზე უდიდესი გამოცდილება დააგროვა და პრობლემებს ზედმიწევნით კარგად იცნობს.“
გენერალ დემპსისთვის მთავარი გამოწვევა იქნება პაკისტანთან ურთიერთობების მოგვარება, რომელიც ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ამერიკის მოკავშირედ ითვლება. თუმცა დემპსის წინამორბედმა ადმირალმა მაიკ მალენმა თანამდებობის დატოვების წინ პაკისტანის უშიშროების სამსახური ავღანელ ექსტრემისტებთან კავშირში დაადანაშაულა, რომლებიც ამერიკელების წინააღმდეგ იბრძვიან. ადმირალ მალენის განცხადებით:
“ჰაკანის დაჯგუფება ისე მოქმედებს, როგორც პაკისტანის უშიშროების სამსახურის მარჯვენა ხელი.“
დემპსის კოლეგები პენტაგონში მას სარდლების სარდალს უწოდებენ. ამავე დროს აღნიშნავენ რომ ის ხალისიანი ადამიანია, რომელსაც ოფიცერთა შეხვედრებზე ფრენკ სინატრას სიმღერების შესრულება უყვარს. მის მიერ ნიუ იორკზე ცნობილი სიმღერის შესრულებამ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას ყურადღებაც მიიქცია, რომელიც გენერალს მეგობრულად გაეხუმრა, რომ სინატრას სიმღერებთან ერთად საკუთარი მოვალეობების შესრულებაც არ დაივიწყოს.
ახალ თანამდებობაზე გენერალი დემპსი რთული პრობლემების წინაშე დადგება. მან უნდა მოახერხოს ავღანელი პარტიზანების დამარცხება, სამშობლოში დააბრუნოს ჯარი და ეს ყოველივე შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში უნდა გააკეთოს.