სიახლეები განათლების სისტემაში

საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმებს 42 მიმართულებით ახორციელებს. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდება წელს უმაღლესი განათლების კუთხით.

განათლების სამინისტროს განცხადებით, 2012 წელი აბიტურიენტთათვის და მათი მშობლებისთვის წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად სტრესული იქნება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ზაფხულიდან აბიტურიენტთა online რეგისტრაცია იმოქმედებს. აბიტურიენტები აღნიშნულ სიახლეს დადებითად აფასებენ.

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე რეფორმებზე განათლების სისტემაში ამბობს:

”2005 წლიდან განათლების სისტემაში დაიწყო სერიოზული რეფორმები, რომლებიც ერთის მხრივ მტკივნეული პროცესია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი. იმიტომ რომ ჩვენ ვეთხოვებით თანდათან საბჭოთა სისტემის განათლებას და გადავდივართ ევროპულ სტანდარტებზე . ამ თავლსაზრისით, განათლების სისტემაში ერთი ძალიან სერიოზული სიახლე გახლავთ ის, რომ მიმდინარე წელს შეიძლება 20 სასწავლებელში გქონდეს განაცხადი აბიტურიენტს, 20 სასწავლებელი შეარჩიოს და ამ 20-დან აუცილებლად ერთ-ერთში მოხვდება. ასევე 2012 წლიად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აბიტურიენტმა ინგლისური ენა უნდა იცოდეს საკმაოდ მაღალ დონეზე. სხვა შემთხვევაში ჩვენი ინტეგრირება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში გაჭირდება.

ამ თვალსაზრისით ჩვენც ვემზადებით, უნივერსიტეტში გვაქვს ენების შესწავლის ცენტრი, ცენტრს ჰყავს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისაღები გამოცდების მაღალ დონეზე ჩაბარების შემდეგ, სტუდენტების ცოდნა სრულყონ და დახვეწონ. სტუდენტებისთვის ეს უფასო იქნება."

საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა. ჯერჯერობით სტიპენდიას 7 სტუდენტი ღებულობს, მაგრამ, რექტორის სერგო ვარდოსანიძის თქმით, სტიპენტიანტთა რიცხვი მათ უნივერსიტეტში შეზღუდული არ არის: მიმდინარე სემესტრში უკვე უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწესდეს ორი სტიპენდია: მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის სახელობის სტიპენდია და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდია. 100 ლარს აიღებს სტუდენტი, 7 სტუდენტია წელს ყველა ფაკულტეტიდან წარმოდგენილი. თებერვლიდან ივლისის ჩათვლით ( შემდეგ შეიძლება გაუგრძელდეთ, თუ ისეთივე მონაცემები ექნებათ), თვითოეული ყოველ თვეში აიღებს 100 ლარს. თუ წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, გავზრდით სტიპენდიანტთა რაოდენობასაც”.