მსოფლიოში ნარკოტიკთან ბრძოლის სტრატეგიის ანგარიში

28 წელია ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად მსოფლიოში ნარკოტიკთან ბრძოლის სტრატეგიის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მსოფლიოს ქვეყნების მიერ ნარკოტრეფიკინგის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას აფასებს.

წლევანდელი ანგარიშის მიხედვით, ბოლივიის, ბირმისა და ვენესუელას მთავრობების მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკული საქმიანობა ყველაზე ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

მარტო ბოლივიაში მოყვანილი კოკას ფოთლების უხვმა მოსავალმა მსოფლიოში კოკაინის რაოდენობა გაზარდა და მის წარმოებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა .

დღემდე ბირმა მსოფლიოში ავღანეთის შემდეგ ჰეროინის მთავარი მწარმოებელია. ბირმის მმართველი სამხედრო მთავრობა ნარკოტრეფიკში ჩართულ შეიარაღებულ ჯგუფებს ნაკლებ წინააღმდეგობას უწევს.

რაც შეეხევა ვენესუელას, ქვეყანაში გამეფებულმა კორუფციამ ვენესუელა მსოფლიოში ერთერთ მთავარ სატრანზიტო ქვეყნად აქცია.

მსოფლიოში ნარკოტიკთან ბრძოლის სტრატეგიის ანგარიშის მიხედვით, ვენესუელა სამხრეთ ამერიკიდან ცენტრალური ამერიკის, შეერთებული შტატების, ევროპისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიმართულებით ნარკოტიკების მთავარი მიმწოდებელი გახდა.

ანგარიშის მიხედვით, ევროპა კოკაინის მოხმარებით დღემდე მსოფლიოში მთავარ ბაზრად რჩება. ასევე გამოიკვეთა რუსეთიც, რომელიც ევროპაში ნარკოტიკების მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში სინთეტიკური ნარკოტიკის წარმოებამ და ნარტკოტრეფიკინგმა განსაკუთრებულად იმატა. მსოფლიოში ნარკომომხმარებელთა 25 პროცენტი სწორედ ამ რეგიონებში ცხოვრობს.

კანაფის წარმოება აფრიკაში ყველაზე გავრცელებული ნარკობიზნესია. მოსახლეობის ხუთი- ათი პროცენტი თექვსმეტიდან 64 წლამდე ნაკროტიკს აქტიურად მოიხმარს. აღმოსავლეთ აფრიკა აზიიდან აფრიკის კონტინენტზე ჰეროინის ნარკოგადაზიდვის ერთერთ მთავარ მარშრუტად რჩება. აღმოსავლეთ აფრიკა ასევე აფრიკიდან ევროპის მიმართულებით კოკაინის გადაზიდვისთვის მნიშვნელოვან ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენს.

ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის დამღუპველია. ნარკოტიკების წარმოებით სახელმწიფო ეკონომიკურ , ფინანსურ და სოციალურ დაკნინებას განიცდის და მთავრობაში კორუფციული სტრუქტურა ყალიბდება.

შეერთებული შტატები მსოფლიოს ქვეყნებს ნარკოტრეფიკინგის შეფერხების მიზნით, რეგიონალური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მხოლოდ გაერთიანებული ძალებითაა შესაძლებელი საერთაშორისო ნარკოვაჭრობა გამოაშკარავდეს და მსოფლიო უკურნებელი სენისგან გათავისუფლდეს.