შაბათს საერთაშორისო დამკვირებელთა ჯგუფმა ირანის ბირთვული ობიექტები დაათვალიერა. თუმცა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, ხსენებულ დამკვირებელთა ჯგუფში არ შევიდნენ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რამდენიმე წარმომადგენელი თეირანში შაბათს ჩაფრინდა. ისინი ირანში ორდღიანი ვიზიტით დარჩებიან. ირანის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ბირთვული ობიექტების დათვალიერება ემსახურება ერთ მიზანს - რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ თვალნათლივ დაინახოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
ევროკავშირმა ობიექტების დათვალიერებაზე უარი განაცხადა. ევროკავშირის განცხადებით, ირანის ბირთვული საქმიანობის შემოწმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრეროგატივაში შედის და არა ევროკავშირის.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩინეთი და რუსეთი ობიექტების დათვალიერებაში არ მონაწილეობენ, ხოლო შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი ირანმა არ დაპატიჟა. ხსენებული სახელმწიფოები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლში 20 იანვარს გაიმართება.