"საერთაშორისო ამნისტია“ იძულებით გადაადგილებული ქართველების უფლებებს იცავს

"საერთაშორისო ამნისტია“ იძულებით გადაადგილებული ქართველების უფლებებს იცავს

ქვეყნის მთავრობის მიერ განხორციელებული აქტი საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

„საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა ძალადობრივი გამოსახლება სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს და ისინი შესაბამისი საცხოვრებლით დააკმაყოფილოს“ - ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ საერთაშორისო ამნისტიის განცხადებაში.

სპეციალურ დოკუმენტში -„ხელახალი ამოძირკვა: იძულებით გადაადგილებულთა ძალისმიერი გამოსახლება“- საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა გამოსახლების პროცესს უკვე მერამდენედ, 2010 წლის ზაფხულში, 2011 წლის იანვარში და ახლა უკვე მესამედ - 2011 წლის ივლისში, აწარმოებს. ორგანიზაცია სთხოვს ოფიციალურ თბილისს წარსულის შეცდომები არ გაიმეოროს და გამოსახლება შეწყვიტოს.

„საქართველოს მთავრობა უგულვებელყოფს მათ ფუნდამენტურ უფლებებს და იმ ფაქტს, რომ იძულებით გადაადგილებულები ერთხელ უკვე მოწყვიტეს საარსებო წყაროს და აწყობილ ურთიერთობებს“ - აღნიშნავს საერთაშორისო ამნისტიის თანამშრომელი ნატალია ნოზაძე.

ქვეყნის მთავრობის მიერ განხორციელებული აქტი საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა ის იძულებით გადაადგილებულ პირთა სიტუაციას ამძიმებს - ნათქვამია დოკუმენტში. მათი რაოდენობა კი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენს. იძულებით გადაადგილებულთა უმრავლესობა ვერ ახერხებს ყოფილ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას და დიდ ნაწილს ორი ათეული წლის მანძილზე სამუშაოზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე ხელი შეზღუდულად მიუწვდება.

ქალბატონი ნანა თბილისში დროებითი თავშესაფრიდან 2010 წლის აგვისტოში გამოასახლეს. საერთაშორისო ამნისტიასთან ინტერვიუში მან განაცხადა:

„მიბრძანეს ჩემი ნივთები მანქანაში ჩამელაგებინა და წავყოლოდი. როდესაც ვიკითხე, სად მიგყავართ-მეთქი, მიპასუხეს რომ აფხაზეთის საზღვართან ახლოს, დასავლეთ საქართველოში მდებარე ფოცხო-ეწერისკენ მივემგზავრებოდით. მაშინ პირველად გავიგე ამ ადგილის არსებობის შესახებ“.

ფოცხო-ეწერში ნანას ჩათვლით 500-მდე ადამიანი ცხოვრობს. ის გარე სამყაროს ძალზე მოწყვეტილია და მინიმალური ინფრასტუქტურაც კი არ გააჩნია. დასახლება შორს არის სხვა სოფლების, თუ რეგიონალური ცენტრებისგან და იძულებით გადაადგილებული ადამიანების დასაქმება იქ პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

სოფელ აბაშისპირში გადასახლებული ორშვილიანი მარტოხელა დედა, ქალბატონი ირმაც, ამბობს, რომ მას თბილისში სახლების დალაგებით და ბაზარზე გაყიდვით გაჰქონდა თავი, ახლა კი სამუშაოს პოვნას ვერ ახერხებს.

„საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ადამიანის უფლებების დაცვით უნდა ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იმის მაგივრად რომ ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულთა სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ახალ საზოგადოებაში, პირიქით - კიდევ უფრო გაამწვავებს მათ მდგომარეობას“ - აღნიშნავს ორგანიზაციის თანამშრომელი ნატალია ნოზაძე.

საერთაშორისო ამნისტია ნობელის პრემიის ლაურიატი ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცავს. ის 150 ქვეყანაში იძიებს და ააშკარავებს უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ცდილობს ადამიანთა ღირსება, თავისუფლება და სამართალი დაიცვას.