დაიშლება თუ არა ევროკავშირი?

დაიშლება თუ არა ევროკავშირი?

რისკის ფაქტორი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კავშირი ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციას წარმოადგენს.

მოსახლეობის სერიოზული პროტესტის მიუხედავად, საბერძნეთის პარლამენტმა ბიუჯეტის შეკვეცის 40 მილიარდიანი პროექტი დაამტკიცა. ათენის სინტაგმას მოედანზე ასობით მომიტინგე სახლში წასვლას არ აპირებს. გულგატეხილობა და ბრაზი ეტყობათ საბერძნეთის დროშებში გახვეულ რიგით მოქალაქეებს.

იანის ანაგნოსტარასი სკოლის მასწავლებელია. ის აცხადებს, რომ მოედნიდან არ წავა, სანამ პარლამენტი ახალ ფინანსურ რეფორმას არ გააუქმებს. „დავიღუპებით, ჩვენი ცხოვრება საბოლოოდ დაინგრევა. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამას მოითხოვს“- ამბობს ის.

ათენში დაწყებული მოვლენების შემდეგ, საბერძნეთის ევროს ზონიდან და საერთოდ ევროკავშირიდან გარიცხვაზე ალაპარაკდნენ. "ამის გაკეთება არ შეიძლება" - აცხადებს ევროპული რეფორმის ცენტრის წარმომადგენელი, ფილიპ უაითი:

საბერძნეთი ევროკავშირს ამ მდგომარეეობაში ვერ დატოვებს. ჯერ ერთი, მას საბანკო სისტემა აქვს მოსაწესრიგებელი. მეორე პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა საბერძნეთის მიერ ვალების გადახდის მდგრადობას ვერ უზრუნველყოფს. მესამე - ამით ქვეყანას სასიცოცხლო არხები შეიძლება გადაეკეტოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს პრეცენდენტი სხვა მსგავს სიტუაციაში მყოფი ქვეყნების ევროკავშირში ყოფნის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“ - ამბობს ბატონი უაითი.

ევროკავშირში ბევრი პოლიტიკოსი იყო საბერძნეთისთვის ფინანსური მასტიმულირებელი პაკეტის გადაცემის წინააღმდეგ. მათ ბრიუსელში ევროსაბჭოს ოფისის წინ ევროს დაკრძალვის სიმბოლური ცერემონიალით საკუთარი აზრი საკმაოდ ღიად დააფიქსირეს. კორტეჟის ერთ-ერთი წამყვანი ხმა ბრიტანელი პოლიტიკოსი -ნიგელ ფარაჟი- გახლდათ, რომელიც ევროპული პარლამენტის წევრია.

ევრო ამ ფორმით არ გადარჩება. ქვეყნები თანდათან ჩამოგვეცლებიან. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წელიწადში გერმანული მარკის ზონად გადავიქცეთ. ეს სავსებით შესაძლებელია“ - განაცხადა პარლამენტარმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპაის, მიაჩნია, რომ მათი წინასწარმეტყველება მცდარია:

ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობა არც ისე ცუდია, თუმცა სიტუაცია ნამდვილად არ არის კარგი. იმასაც ვიტყვი, რომ დღეს შუადღეზე უკეთეს ხასიათზე უნდა ვიყოთ, ვიდრე ამ დილით. საბერძნეთის პარლამენტმა დღეს ფინანსური ზომების პაკეტი დაამტკიცა. ქალბატონებო და ბატონებო, პოლიტიკური გამბედაობა ჯერ კიდევ არსებობს“.

ეს განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა 30 ივნისს გააკეთა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ გამბედაობას ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი გამოცდა ელის, რადგან ფინანსური კრიზისი საბერძნეთის საზღვრებს სცდება. ესპანეთი ევროზონის ზომით მეოთხე ეკონომიკის ქვეყანაა, მაგრამ უზარმაზარი ვალები აქვს და უმუშევრობამ იქ 20 პროცენტს გადააჭარბა. ესპანეთის ეკონომიკაში სამშენებლო სექტორი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

ევროკავშირის დაშლის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ორგანიზაციამ ამ კვირაში ხორვატიის სახით ახალი წევრის მიღება იზეიმა და ავისმომასწავებელ წინასწარმეტყვლებებს წერტილი დაუსვა. რისკის ფაქტორი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კავშირი ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციას წარმოადგენს.