ვინ ემზადება ომისთვის?

ვინ ემზადება ომისთვის?

"ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან იმატა განცხადებებმა ირანთან დაკავშირებით. თუ ამერიკა შეეცდება ირანს დაარტყას, მაშინ რუსეთი უნდა მოემზადოს ამ პროცესებისთვის. "

აფხაზეთში დასრულდა არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების 2-დღიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები . ექსპერტთა კლუბის განცხადებით, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ორგანოების მართვის სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, ვარჯიშების მსვლელობისას ყველა სამხედრო დანაყოფები ამუშავებდნენ მოქმედებებს მშვიდობიანობის პერიოდიდან საომარზე გადასასვლელად.

აფხაზეთი ომისთვის ემზადება, აცხადებს აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსპერტთა კლუბი და კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი:

”ის, რომ აფხაზეთში ახლა ტარდება სამხედრო სწავლებები, არის გაგრძელება იმ პროცესების, რომელსაც რუსეთი მთელი გასული წლის განმავლობაში ახორციელებდა. რუსეთი აფხაზეთში, ხან ცხინვალის რეგიონში, ხან ჩრდილო კავკასიაში ატარებდა სამხედრო სწავლებებს. ბოლო დროს მოიმატა რუსეთის მხრიდან განცხადებებმა ირანთან დაკავშირებით. თუ ამერიკა შეეცდება ირანს დაარტყას, მაშინ რუსეთი უნდა მოემზადოს ამ პროცესებისთვის. გუშინ, გუშინწინ პუტინმა განაცხადა იმის შესახებ, რომ თურმე რუსეთის აგრესიის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ერთი- ერთი მიზანი ყოფილა თავიდან აეცილებინა საქართველოში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების განთავსება. ასევე იყო ცალსახად განცხადებული, რომ რუსეთისთვის სულ ერთი არ არის, რომ საქართველოში შეიძლება განთავსდეს ასეთი სისტემები. ანუ, ეს იყო პირდაპირ ამერიკისთვის გათვლილი განცხადება, რომ ეს სწავლებები ჩრდილო კავკასიაში, აფხაზეთში, ირანის თემა, შესაძლო განთავსება საქართველოში ანტისარაკეტო სისტემებისა, ეს ყველაფერი არის კავშირში”.

"სააკაშვილს არ ვაპატიებთ. სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებების პატიება შეუძლებელია"- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი, რომელმაც ამ განცხადებით უპასუხა აფხაზი ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის აპირებს რუსეთი სისხლის სამართლის საქმის განხილვის დაწყებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს სარჩელებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანეს.

”რუსეთის ცინიკური ნაბიჯები სარჩელთან დაკავშირებით ყველას სასაცილოდ არ ყოფნის”- ამბობს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი. მისი თქმით:

”სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც სტრასბურგში ასევე ჰააგაში უკვე ნათელია, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები და მძიმე დანაშაულებები , აგრესია და ეთნოწმენდა ჩაიდინა.”

უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სარჩელების უმრავლესობა განსახილველად არ მიიღო, მიზეზად სასამართლომ სარჩელების არასათანადო ფორმით წარმოდგენა დაასახელა.

ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რუსეთი აჩვენებს აფხაზებს და ოსებს, თითქოს მათ უფლებებს იცავს:

" ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა ხმაური ატეხა რუსეთმა აგვისტოს აგრესიის შემდეგ , მოამზადა რამდენიმე ათასი სარჩელი სტრსბურგის სასამართლოში ჩვენ წინააღმდეგ. თუმცა, იმდენად იყო ეს სარჩელები ”თეთრი ძაფით ნაკერი ", რომ შემდეგ ამას გაგრძელებაც არ მოჰყოლია.სტრასბურგის სასამართლომ მოსარჩელე რომ ვერ მონახა ფაქტიურად, ეს საქმეები გადადო. ამიტომ ლავროვის განცხადებები არის უბრალოდ მორიგი ”კბენა” საქართველოს. თუ დავაკვირდებით, არცერთი ასეთი , განსაკუთრებით ლავროვის განცხადება საქართველოს ხსენების გარეშე არ კეთდება, ანუ საქართველოს არ ტოვებს ის, აუცილებლად ახსენებს ან იმ კონტექსტში ან ამ კონტექსტში. რეალურად კი არაფერი არ ხდება, თუმცა თავის მოქალაქეებს აჩვენებს, რომ ისინი იცავენ ოსების და აფხაზების ინტერესებს."