ეგვიპტეში არეულობა გრძელდება

ეგვიპტეში არეულობა გრძელდება

შეტაკებისას 400-მდე ადამიანი დაშავდა.

ეგვიპტეში არეულობა გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქაიროს ქუჩებშია გამოსული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და პნევმატური იარაღი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებმა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცეცხლი წაუკიდეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალაქ პორტ-საიდში ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარი შეტაკების გამო, გამოწვეული საპროტესტო აქციების დროს 6 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მთავრობამ პორტ-საიდის არეულობაში უმოქმედობა გამოიჩინა და მათ მომხდარ ტრაგედიაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ასევე მმართველი სამხედრო საბჭოს გადადგომას მოითხოვენ.

"ესოშიეითიდ პრესს" ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელობამ განუცხადა, რომ შეტაკებისას 400-მდე ადამიანი დაშავდა.

ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქალაქ ალექსანდრიაში.

პოლიციამ ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარი შეტაკების 47 მონაწილე დააკავა. ეგვიპტის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ ტანტავიმ სამ-დღიანი გლოვა გამოაცხადა და პირობა დასდო, რომ შეტაკების ორგანიზატორები დაისჯებიან.