დღეს ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უმრავლესობის მოსაპოვებლად პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადის მომხრე კონსერვატორები და მისი მოწინააღმდეგეები იბრძვიან.
290 საპარლამენტო მანდატისთვის 3400 კანდიდატი იყრის კენჭს. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს ირანში გამართული პირველი არჩევნებია. ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ერთ-ერთი რეფორმისტი ჯგუფია, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ირანის კონსერვატიულმა მთავრობამ და სასულიერო ლიდერებმა რეფორმისტული მოძრაობების წინააღმდეგ არაერთი რეპრესიული ღონისძიება ჩაატარეს.
ირანში 48 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენიემ მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლა მოუწოდა. მისი თქმით, ეს ირანის მტრების წინააღმდეგ - რაშიც მან დასავლეთის ქვეყნები იგულისხმა - გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.