იუნკერებმა პირველი დიდი ბრძოლა მოიგეს

იუნკერებმა პირველი დიდი ბრძოლა მოიგეს

გვირგვინებით იუნკერთა საფლავი კოჯორში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს.

დღეს , 25 თებერვალს საქართველოში ოკუპაციის დღე აღინიშნება. 1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთის მთავრობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუჯანყდნენ.

1921 წლის 11 თებერვალს წითელმა არმიამ საქართველოზე თავდასხმა ხუთი მხრიდან განახორციელა. ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან , სამი დანარჩენი კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ განხორციელდა.

საქართველომ დამოუკიდებლობის დასაცავად თავდამსხმელებს ყველა ფრონტზე თითქმის 40 ათასიანი ჯარი დაუპირისპირა, დამოუკიდებლობას ჯართან ერთად იცავდნენ სახალხო გვარდია, მოხალისეები.ცხარე ბრძოლები კოჯრის და ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე, ბრძოლებში განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკერებმა. ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ამბობს :

” ამ ახალგაზრდებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, წავიდნენ და თავი გასწირეს სამშობლოსთვის. ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ და პირველი დიდი ბრძოლა მოიგეს კიდეც, მაგრამ შემდგომ მოსული დამპყრობლების სიმრავლით და ასევე იარაღითაც ისინი უფრო კარგად იყვნენ აღჭურვილნი, იუნკერები დამარცხდნენ, მათი უდიდესი ნაწილი დაიღუპა ბრძოლის ველზე”.

გვირგვინებით იუნკერთა საფლავი კოჯორში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა:

” იუნკერების ბრძოლა არის მაგალითი სამშობლოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის.სამწუხაროდ მაშინ, 1921 წელს მათი თავდადება, ამ პატარა ბიჭების ბრძოლა არ აღმოჩნდა საკმარისი, საქართველოს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, ვინაიდან მაშინდელი პოლიტიკური კლასი და მაშინდელი საზოგადოება არ იყო ერთიანი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დღესაც, როდესაც საქართველოს თავისუფლებას ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ , რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია პოლიტიკურ კლასს, მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული და მას აღარასდროს დაემუქროს საფრთხე”.

1921 წლის 24 თებერვალს თბილისში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ თბილისი დატოვა, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

1991 წლამდე 25 თებერვალი საქართველოში საზეიმოდ აღინიშნებოდა.

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში დაღუპული მეომრები გაიხსენეს ქვეყნის ყველა რეგიონში, აფხაზეთის საზღვართან სტუდენტებმა საქართველოს დროშები მიიტანეს, სიმბოლურად შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი . აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ სჯერათ, რომ ოკუპაცია დროებითი მოვლენაა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

რა პარალელების გავლება შეიძლება 91 წლის შემდეგ? ექსპერტის თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილის თქმით ,მაშინ საქართველო გამოეყო რუსეთის იმპერიას, 1991 წელს - საბჭოთა კავშირს:

” იგივე ტენდენციას ვხედავთ ჩვენ დღევანდელ რუსეთში. ბუნებრივია, ეს არ არის რაღაც ახალი მეთოდებით, ეს მეთოდები მსგავსია იმ მეთოდების, რომელიც საბჭოთა რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ და დღეს დამოუკიდებელი რუსეთი იბრძვის დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ .. ეს არის შანტაჟი, დაშინება, ტერორისტული თუ შეარაღებული ჯგუფების ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე პირდაპირი ოკუპაცია. სხვათაშორის, ძალიან ჰგავს რიტორიკა მაშინდელი და დღევანდელი რუსეთის. მაგალითად, მაშინდელი რუსეთის პრეტენზია საქართველოს მიმართ იყო ის, რომ მუშათა კლასი, ხალხი იყო ჩაგრული ფენა, ხოლო მთავრობა იყო ცუდი. ხალხი იყო კარგი და ხალხს ათავისუფლებდა მთავრობისგან. დღეს , სულ ცოტა ხნის წინ, იგივეს იმეორებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი, როგორც ვარაუდობენ მომავალი პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი პუტინი.. რომ მთავრობა არის ცუდი, რომ ხალხი არის კარგი და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას აქვს თავისი მინუსები და პლიუსები, მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს თვითონ ხალხმა, ამისთვის არ არის საჭირო გარეშე დამხმარე ძალები.. ჯერ განსაზღვრონ და მერე შეცვალონ ქვეყანაში სიტუაცია.

ასე რომ იდეოლოგია, იდეოლოგიური ინსტრუმენტები ძალიან ჰგავს მაშინდელს და დღევანდელს . როგორც ჩანს, რუსეთში ხელისუფლების არსი ჯერ კიდევ არ შეცვლილა. თუმცა იმედი, რომ ეს შეიცვლება, რა თქმა უნდა არის, ეს გარდაუვალი პროცესია."