ვარდების რევოლუციის მერვე წლისთავზე, საქართველოს დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე რიყის პარკში, ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა. ეს ღონისძიება რეიგანის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. რეიგანის საპრეზიდენტო ფონდთან შეთანხმებით, თბილისში ფუნქციონირებას შეუდგა რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრიც.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ეს იქნება პირველი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, რომელსაც რეიგანის სახელი მიენიჭა. რ
ეიგანის ცენტრი საქართველოში რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსით იმუშავებს. კულტურის მინისტრ ნიკა რურუას თქმით, რეიგანის ძეგლის დადგმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური და მეგობრული ჟესტია:
„რეიგანი, მოგეხსენებათ იყო ის უკიდურესად გამბედავი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ვინც გაბედა და პოლიტიკური კონიუნქტურის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.
სწორედ ამის შემდეგ რეალურად დაიწყო ბოროტების იმპერიის დაშლა. ჩვენ მისი 100 წლისთავთან დაკავშირებით, ამ დიდი პიროვნების წინაშე, ვაკეთებთ ასეთ პოლიტიკურ და მეგობრულ ჟესტს და გავხსენით ძალიან დემოკრატიული ფორმის ქანდაკებას.“
სკამზე ჩამომჯდარი როლანდ რეიგანის ძეგლი რიყის პარკიდან პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს გაჰყურებს. სკამზე კი ინგლისურ და ქართულ ენებზე ამოტვიფრულია ფრაზა, „Freedom is never more than one generation away from extinction“, „თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს.“
ეს ფრაზა რონალდ რეიგანმა 1961 წელს ფენიქსში, სავაჭრო პალატის სხდომაზე გამოსვლისას წარმოთქვა. მაშინ. 50 წლის რეიგანი ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და ტელეკომპანია სი-ბი-ესზე, ყოველკვირეული სატელევიზიო პროგრამა „ჯენერალ ელექტრიკის თეატრი“ მიჰყავდა.
ძეგლის ავტორი ქართველი მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძე არ აკონკრეტებს, რა თანხა გაიღო თბილისის ბიუჯეტმა რეიგანის ძეგლის შესაქმნელად:
„გადავწყვიტეთ, არ ყოფილიყო არავითარ ამაღლებულ პედესტალზე შემდგარი, ასე, სტუმრად მოვიდა რეიგანი, პარკში შემოვიდა და პარკის სავარძელში ზის. პარკში ნებისმიერ შემომსვლელს შეუძლია მივიდეს და დაჯდეს რეიგანის გვერდით.“
ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც 1981 წლიდან 1989 წლამდე მართავდა შეერთებულ შტატებს, სიცოცხლის ბოლო ათი წლის მანძილზე ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა. რეიგანი 2004 წელს, ლოს ანჯელესში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კაპიტოლიუმში გამოჩენილი ამერიკელების ქანდაკებების ეროვნულ დარბაზში, რეიგანის ბრინჯაოს სკულპტურა მხოლოდ 2009 წელს გამოჩნდა. წელს, რეიგანის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო რეიგანის ქანდაკებების მომრავლება მთელ მსოფლიოში შეინიშნება.
ივნისში, რეიგანის 7 მეტრიანი ქანდაკება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიხსნა. ივლისში, რეიგანს ქანდაკება ლონდონის ცენტრში უკვე ბრიტანელებმა დაუდგეს. 10 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.
1 ნოემბერს, რეიგანის 9 ფუტიანი ქანდაკება ვაშინგტონის რეიგანის სახელობის აეროპორტთან დაიდგა, ქანდაკება 900 ათასი ამერიკული დოლარი დაჯდა. 6 ნოემბერს, რეიგანის ქანდაკება ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა ამერიკის ქალაქ ნიუპორტ ბიჩში, იქ მისი მოპარვა სცადეს და ძლიერ დააზიანეს.
გუშინწინ, რეიგანის კიდევ ერთი ქანდაკება პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ ვარშავაში გახსნა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რეიგანის ქანდაკება კი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისშია. რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს:
„არ ვეხები როგორი ძეგლია კარგია, არ არის კარგი, რანაირია. თავისთავადაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან საპატივცემულო პიროვნება, ამერიკის ძალიან კარგი პრეზიდენტი, მაგრამ რა შუაშია, აქ თბილისში, რიყეზე?
დიდი დიდი საქართველოს შესახებ სცოდნოდა რეიგანს შევარდნაძისგან, სხვა ქართველი მას ბუნებაში არ უნახავს. თვითონ მიხეილ სააკაშვილ და რაღაც წრეს მის გარშემო აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ რეიგანი არის იმ მსოფლმხედველობის გამოხატულება, ნეოკონსერვანტიზმისა და ლიბერტალიანელობის რასაც თითქოსდა ეს ხელისუფლება ატარებს.“
რონალდ რეიგანი არის უცხო ქვეყნის მეორე პრეზიდენტი, რომელსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, თბილისში ძეგლი დაუდგეს. მანამდე 2007 წელს, აბანოთუბანში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გაიხსნა.
ალიევის კიდევ ერთი ბიუსტი მარნეულშიც დგას. თბილისში ასევე არის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა; საქართველოს რამდენიმე ქალაქში კი პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის - ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩები.
ბათუმში - შეიხ ნაჰაიან ბინ მუბარაქ ნაჰაიანის სახელობის ქუჩა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოქმედი განათლების მინისტრია. ახლახანს, ანაკლიაში კი ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარიც გაიხსნა.