ლიბიის გარდამავალი მთავრობის მეომრები მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტზე გადამწყვეტი იერიშის წინ გადაჯგუფებას აწარმოებენ.
ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს სამხედროების განცხადებით, კადაფის მომხრეები კუთხეში არიან მომწყვდეულნი.
ლიბიელი ექიმების განცხადებით, ხუთშაბათს მიმდინარე ბრძოლების დროს გარდამავალი მთავრობის 2 მებრძოლი დაიღუპა და 23 დაიჭრა.
რევოლუციონერთა ძალებმა უკან დაიხიეს, მას შემდეგ, რაც მათი პოზიციები მოწინააღმდეგის არტილერიამ დაბომბა.
გარდამავალი მთავრობის მეომრებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, როდესაც სირტის პოლიციის შტაბბინა ჩაიგდეს ხელში. მათ ასევე შეძლეს ქალაქში მდებარე ჰოსპიტალის და უნივერსიტეტის დაკავება.
ამასობაში ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მუამარ კადაფის მომხრეებსა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა.