დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ მოსკოვში, გაზეთ „მოსკოვსი კომსომოლეცის“ რედაქციაში პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა ცხინვალში ჩატარებული არჩევნების შესახებ. მან მიმართა ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსაც და მოსთხოვა მოახდინოს რეაგირება, რათა ხელისუფლებასთან რუსეთის შუამავლის მეშვეობით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გამოიწვევს საკუთარ ხელმოწერას აღნიშნული დოკუმენტიდან. სამხრეთ ოსეთში ყველაზე მეტად რაც აღელვებთ, ეს კონსტიტუციის დარღვევა და რუსეთის ფედერაციიდან წამოსული სახსრების არაჯერვოვანი ასახვაა მათ რეალობაში. ამიტომაც იქ მიიჩნევენ, რომ კოკოითის რეჟიმი უსამართლოა და სურთ მისი შეცვლა.
პრესკონფერენციაზე მოსკოვში ჯიოევამ სწორდ კანონდარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსი ხალხი ერთადერთ მოკავშირედ და მხსნელად მხოლოდ რუსეთს აღიარებს, რომ იქ არ სურთ არანაირი ფერადი რევოლუცია და ცხინვალში გამართული მიტინგები არსობრივად შორს დგას იმ ყველაფრისგან, რაც დღეს რუსეთში ხდება.
ჯიოევამ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ალბათ ერთადერთი ჩვენი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ მოვიგეთ არჩევნები. ამის შემდეგ დაიწყო სწორედ უდიდესი ზეწოლა ჩვენზე. არა მარტო ჩვენი ოპონენტების მხრიდან კოკოითის სახით, არამედ მათი მხრიდანაც, ვინც მხარდამჭერებად მიგვაჩნდა. გვეგონა რომ უკანონობა, რასაც კოკოითი და მისი გარემოცვა ჩადის, მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დონეზე ხდებოდა, თუმცა ჩვენ დავრწმუნდით, რომ მას მოუხერხებია სამკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკების ჩართვა რუსეთის ფედერაციიდანაც კორუფციაში. მე ვარ რუსი აბსოლუტურად, პაპორტითაც და სულიერადაც. იგივე შემიძლია ვთქვა ყველა ჩვენს მხარდამჭერსა და თანამოაზრეზეც. არც ერთი პროქართველი ჩვენს რიგებში არ იყო. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაპატიმრებდნენ და ხელებს გვიგრეხდნენ, რამაც დიდი პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში. როგორ უნდა აიხსნას ეს, არ ვიცი. აი, ცოტა ხნის წინაც ჩვენ შევქმენით პუტინის მხარდამჭერი ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ მხარდამჭერის ძიებაში ვართ. მოგვწონს თუ არა საქართველოში მუშაობს ამერიკული ფული, ჩვენთან კი რუსეთიდან გადმოგზავნილი თანხა ქვიშასავით იფანტება. ჩვენ ვიცავთ მხოლოდ საკუთარ უფლებებს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ძალიან განსხვავდება გამოსვლებისგან, რაც ამჟამად მიმდინარეობს მოსკოვში“.
„მარტის თვე საკმაოდ რთული იქნება რუსეთისთვის, რადგან ამ დროს უნდა გაიმართოს იქ საპრეზიდენტო არჩევნები. აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. რუსეთმა ყველა ამოცანა ერთბაშად უნდა გადაჭრას და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებიც მართოს. რთულია ამ ყველაფერს გაართვა თავი, მით უმეტეს, რომ აქამდე ბევრი არასწორი გათვლა გაკეთდა, მაგალითად უკრაინასთან და აფხაზეთთან მიმართებაშიც. რუსეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება, რადგან ცალსახაა, რომ დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკა არ ამართლებს, საზოგადოებაში უფრო მეტად იზრდება დაძაბულობა“– აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი. მისი პროგნოზის თანახმად, რუსეთში ამ ეტაპზე შუალედური გამოსავლის ძიებაში არიან სამხრეთ ოსეთთან მიმართებით და მარტში იქ შესაძლოა სრულიად სხვა ადამიანი ვიხილოთ პრეზიდენტად.
ჯიოევა ბრძოლას კვლავაც აგრძელებს, მისი მხარდამჭერი საიტი აპროტესტებს ფაქტს, რომ მას, როგორც ოპოზიციონერს მოიხსენიებენ და არა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ადამიანს.
30 დეკემბერს ვლადიკავკაზში დაგეგმილია ჯიოევას მხარდამჭერი მიტინგის გამართვა, სადაც მოითხოვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებულთა განთავისუფლებას.