ეგვიპტელები კვლავ თაჰრირის მოედანზე იკრიბებიან

ეგვიპტელები კვლავ თაჰრირის მოედანზე იკრიბებიან

ჰოსნი მუბარაქის კორუფციაში და მასობრივი დემონსტრაციის ძალის გადამეტებით დაშლაში ედება ბრალი.

ათობით ათასი ეგვიპტელი ქაიროს თაჰრირის მოედანზე რეფორმების დაჩქარების მოთხოვნით გამოდის.

მთავრობის ვარაუდით, დღევანდელი საპროტესტო აქცია ტრადიციული შუადღის ლოცვის შემდეგ უნდა გამართულიყო. თუმცა ათასობით მომიტინგე მოედანზე დილიდან გამოვიდა და იქ დაბანაკებულ დემონსტრანტებს შეუერთდა. მათ შორის ბევრი ისლამური სახელმწიფოს შექმნას მოითხოვდა.

გუშინ მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, მასობრივი დემონსტრაცია მაინც შედგა. ხუთშაბათს ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ შემდეგ კვირას ქაიროში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი დაიწყება. მას კორუფციაში და მასობრივი დემონსტრაციის ძალის გადამეტებით დაშლაში ედება ბრალი, რომელსაც აქციის მონაწილეთა შორის მსხვერპლი მოჰყვა.

ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, განსასჯელთა სკამზე მისი ორი ვაჟიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი და 6 ყოფილი თანაშემწე მოხვდება. ღია სასამართლოს ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.