საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა.
ქართულ-ოსური და ოსურ - ქართული ლექსიკონის გამოცემა სრულიად ახალი მოვლენაა ქართველებისა და ოსების კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიაში, ამბობს ლექსიკონის მთავარი რედაქტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი :
”ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის საჭიროება საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ეს ხალხი ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ და რასაკვირველია, ლექსიკონის აუცილებლობა იყო. მაგრამ , სამწუხაროდ, ეს ოცნება ვერ განხორციელდა დღემდე. მე მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს, გაეროს განვითარების ფონდს, რომ მათ მოგვცეს საშუალება ასეთი სახის ლექსიკონი გამოგვეცა. ლექსიკონის მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ მისი ლექსიკური მარაგით და ტევადობით, არამედ მისი მნიშვნელობა უფრო ფართოა. მითუმეტეს ჩვენთვის, ქართველებისათვის და ოსებისათვის ლექსიკონს ძალიან დიდი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. ლექსიკონი მრავალპროფილურია , არის აქ გრამატიკული ნარკვევები, გამოყენების წესები, ტრანსკრიფციები ორივე ენის, მაგრამ ამით არ ამოიწურება მისი მნიშვნელობა... ორი ერისთვის ნდობის აღდგენის, მშვიდობის დამყარების, ძნელი ურთიერთობების აღდგენის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მისია.
ჩემი კოლეგები ცხინვალიდან არ ჩამოსულან, ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ მათ მისალმება გამოუგზავნეს ყველა მონაწილეს. ისინი მოუთმენლად ელიან ამ ლექსიკონს, რომელიც პრეზენტაციამდე არ გაგვიგზავნია მაგრამ ამ დღეებში ამ ლექსიკონს ისინი აუცილებლად მიიღებენ”.
ლექსიკონზე მუშაობდნენ , სარედაქციო საბჭოს წევრები არიან აკადემიკოსი ნაფი ჯუსოითი ცხინვალიდან, პროფესორი ტამერლან გურიევი ვლადიკავკაზიდან, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული თბილისიდან და სხვა. ბ-ნი ავთანდილ არაბული ამბობს:
”ძალზე მნიშვნელოვანია დღეა ოსური ენისა და კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. ფაქტობრივად პირველად გამოდის ლექსიკონი, რომელშიც ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული თარგმნითი ლექსიკონი ერთდროულად არის წარმოდგენილი. უზარმაზარი შრომაა ჩადებული ამ ლექსიკონში, ძალიან საპატიო მისია არის, ეს არის გადებული ხიდი , ის ხიდი, რომელიც დიდი ხნის წინ ჩატეხეს ორ ხალხს შორის. მეცნიერება კონსტრუქციული ძალაა და ამჯერადაც ამტკიცებს იმას, რომ იქ, სადაც სხვები ანგრევენ, ის აშენებს.”
ლექსიკონი არა მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, თვლის პოლიტოლოგი ზურაბ დვალი:
”ძალიან კარგად ვიცნობ ნაირა ბეპიევას, ნაციონალური მოამბის ოსური რედაქციის ხელმძღვანელია. ნაირა ძალიან დიდი ხანია ამ წიგნით ცხოვრობს, დიდი ხანია მუშაობდა ამ წიგნზე, ვიცი რამდენი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ეს წიგნი გამოექვეყნა. დღეს ჩვენ ვხედავთ დიდ ნაშრომს, რომელიც არა მხოლოდ მეცნიერული დატვირთვით არის ძალიან მნიშვნელოვანი , არამედ პოლიტიკური დატვირთვითაც. დღეს , როცა ჩვენ ვხედავთ როგორ იცლება სამაჩაბლო ოსებისგან, ვხედავთ, რომ სამხრეთ ოსეთში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში რაც შეეხება ენას, ლინგვისტიკას თითქმის არაფერი კეთდება, საქართველოში გამოიცა ასეთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი”.
ქართულ - ოსური ლექსიკონის პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია:
” დღევანდელ დღეს, როდესაც მოიშალა მტრის ხატი ქართველების სახით (არც აქამდე არსებობდა , მაგრამ ამას რუსული პროპაგანდა ახერხებდა) , ასეთი ნაბიჯები, ასეთი მოღვაწეობა არის იმ ხიდების აღდგენა, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა , ასეთი ურთიერთობები ჩვენს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.
პრეზენტაციაზე ანსამბლმა ”ნართები” ქართული და ოსური სიმღერები შეასრულა.