"ქეა" საქართველოში სიღარიბის წინააღმდეგ

"ქეა" საქართველოში სიღარიბის წინააღმდეგ

პროექტის დირექტორის ვახტანგ ფირანიშვილის თქმით, ქეამ საკმაოდ მოკლე პერიოდში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.

20 წელია, რაც სამხრეთ კავკასიაში სოციალურად და ეკონომიურად დაუცველ ადამიანებს ყველაზე მწვავე პრობლემების გადაჭრაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქეა” ეხმარება. "ქეამ", რომელიც მსოფლიოში ჰუმანიტარული კრიზისების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებით არის ცნობილი. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შემდეგ დაზარალებულ ადამიანებს, დევნილებს ამარაგებდა საკვები პროდუქტებით. ასევე ითვალისწინებდა დევნილთა თავშესაფრის მასალებით მომარაგებას და სახლების მშენებლობას - ამბობს "ქეას" საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების ოფიცერი ქეთი ხაჩიძე.

რამდენიმე დღის წინ დასრულდა "ქეას" 8 თვიანი პროექტი სახელწოდებით ”შიდა ქართლში სამუშაო ადგილების შექმნა მცირე საწარმოების განვითარების გზით” . პროქტი დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დასაქმებას ემსახურებოდა - ამბობს ქეთი ხაჩიძე:

”პროექტი დაფინანსებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ, მისი მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 360 ათასი ლარია. პროექტის ძირითადი ამოცანაა, მცირე საწარმოთა განვითარებით სამუშაო ადგილების შექმნა შიდა ქართლში, ხოლო საერთო მიზანს წარმოადგენდა სულ მცირე 80 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა 20 ახლად წამოწყებული ან არსებული ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ფარგლებში”.

პროექტის დირექტორის ვახტანგ ფირანიშვილის თქმით, "ქეამ" საკმაოდ მოკლე პერიოდში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია, პროექტის ფარგლებში შექმნა 120-ზე მეტი სამუშაო ადგილი , რაც კონფლიქტით დაზარალებული რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

” ეს არის სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, მაგალითად პურის საცხობები, ინკუბატორები, სხვადასხვა ტიპის სათბურები და ა.შ. იყო შემთხვევები, როდესაც მცირე ბიზნესიდან წამოიწყეს, ან უკვე არსებული ბიზნესი იყო და ჰქონდათ ამ ბიზნესის გაფართოების სურვილი, სადაც ასევე დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა. ძირითადად ეს არის ან წარმოების სფერო, ან სოფლის მეურნეობის, ძირითადად ეს ორი სექტორი იყო დაფარული. საშუალოდ იყო 10 ათასი ლარის ოდენობის გრანტი თითოეულ ბიზნესზე. მსურველთა შერჩევის მექანიზმი ასე მუშაობდა: ჩვენ ვაცხადებდით კონკურსს, დაინტერესებულ ბიზნესმენებს შემოქონდათ განაცხადები, ასევე გვთავაზობდნენ დასაქმებული ადამიანების რაოდენობას. ანუ, თვითონ ის ბიზნესები იღებდნენ გადაწყვეტილებას ვინ დასაქმდებოდა ამ ბიზნესში. ჩვენი ფუნქცია იყო, ამ ყველაფრის გადამოწმება და მონიტორინგი, რომ დასაქმება რეალურად ხდებოდა და ახალი ადამიანების ჩართვა ამ ბიზნესებში”.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 მილიონი ადამიანი ღარიბია, UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოსახლეობის 10%-ი ანუ 440 ათასი ადამიანი არის უკიდურესად ღარიბი. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 17%-ი სამუშაო ძალის დაუსაქმებელია, რაც ექსპერტთა თქმით, არის სიღარიბის ძირითადი ფაქტორი .

"ქეას" მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 25%-ი იმყოფება. ”ქეა საერთასორისო კავკასიაში” ოპერაციების მენეჯერი გიორგი ღლონტი ამბობს :

”ჩვენი ორგანიზაციის კვლევის მიზანს სიღარიბის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ამ პრობლემების მოსაგვარებლად, საჭირო პროგრამების შემუშავება წარმოადგენს. ქალაქებთან შედარებით, ბევრად უარესია მდგოამრეობა სოფლებში, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის დაახლოებით 50%-ი იმყოფება. პრობლემის მოგვარების გზას ”ქეა” საზოგადოების გადამზადების და ბიზნეს-უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხედავს”.

ამჟამად "ქეას" ყურადღება ძირითადად კონფლიქტების შედეგად დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისკენ არის მიმართული, თუმცა არანაკლებად მძიმეა სოციალური მდგომარეობა მაგალითად დასავლეთ საქართველოში.. ვახტანგ ფირანიშვილი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

” ამ ეტაპზე , დასავლეთ საქართველოს რაც შეეხება.. პროექტი მუშაობს რაჭაში, მაღალმთიან რაიონებში. პროექტი სიღარიბის შემცირებას ემსახურება , მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარების კურსით, ადგილობრივ მთავრობასთანაც არის თანამშრომლობა და უშუალოდ ადგილობრივ ფერმერებთან."

რომელია ყველაზე მეტად ღატაკი რეგიონი საქართველოში?

მაინც ითვლება ყველაზე მეტად ღატაკ რეგიონად გურია და ზემო იმერეთი. ეს არის ყველაზე შეჭირვებული რეგიონები საქართველოში, რეალობა ასეთია...

თქვენ გეგმავთ პროექტებს ამ რეგიონებში?

გარკვეული ტიპის პროექტები იყო, მაგრამ ”ქეა” დონორებზე საკმაოდ დამოკიდებული ორგანიზაციაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტად მიგვაჩნია ამ ორ რეგიონში მუშაობა, მაგრამ მეტწილად დამოკიდებული ვართ დონორების პრიორიტეტებზე და მიმართულებებზე. ამ ბოლო პერიოდში, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონები შიდა ქართლი უფრო მეტი პრიორიტეტი იყო დონორებისთვის და შესაბამისად, ჩვენც სიმძიმის ცენტრი ამ რეგიონებზე გვქონდა. მაგრამ მომავალში მოვძებნით სხვადასხვა ტიპის დაფინანსებას, რათასხვა შეჭირვებულ რეგიონებსაც დავეხმაროთ”.