როგორ ებრძვიან ინდოეთში ენერგეტიკის სფეროს დეფიციტს?

როგორ ებრძვიან ინდოეთში ენერგეტიკის სფეროს დეფიციტს?

ინდოეთის მოთხოვნილება ენერგეტიკის სფეროში განუხრელად იზრდება.

ინდოეთში კერძო სექტორი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული დეფიციტის დაძლევას ხელს უწყობს

ინდოეთის მთავრობის მაღალჩინოსანი ოფიციალური პირის განცადებით, ქვეყნის ენერგეტიკული დეფიციტის დასაძლევად, საჭიროა მილიარდობით დოლარის ინვესტიციების გაღება.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ანჯანა პასრიკა დელიდან იუწყება, ინდური კომპანიები ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშნებელობას გაუძღვებიან.

ინდოეთის ენერგეტიკის მინისტრი უმა შანქარი აღნიშნავს, რომ შემდეგი ექვსი წლის მანძილზე ქვეყნის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ინდოეთის ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

ინდოეთის მოთხოვნილება ენერგეტიკის სფეროში განუხრელად იზრდება. პროვინციებში მცხოვრებ მილიონობით ოჯახს განსაკუთრებით ზაფხულში ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. დიდ ქალაქებშიც კი ელექტროენერგიის გათიშვები საკმაოდ ხშირია.

ელექტროენერგიის უკმარისობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ინდოეთის ეკონომიკის განვითარების ტემპი დაახლოებით ცხრა პროცენტს აღწევს.

ინდოეთის მთავრობა მომავალ წელს დაგეგმილი ელექტროენერგიის წარმოების მაჩვენებელს ვერ მიაღწევს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა ინდოეთში მთავრობის გეგმებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ინდური ინდუსტრიის კონფედერაციის ყოფილმა მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში ბატონმა რაგურამანმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას მხოლოდ კერძო სექტორის მსხვილი ინვესტიციები უშველის.

„დაახლოებით ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენ დაგეგმილი ინდუსტრიული საშუალებების მწყობრში შეყვანა ვერ შევძელით. მაგრამ, როგორც მოვლენები გვიჩვენებს, ახლა კერძო სექტორმა წინ წამოიწია. ამდენად შემდეგი სამი ან ოთხი წლის განმავლობაში მდგომარეობა შეიძლება დადებითად შეიცვალოს “ - აღნიშნა რაგურამანმა.

როგორც მოსალოდნელია, ენერგეტიკის სფეროში არსებული დეფიციტის დასაძლევად საჭირო 400 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით ნახევარს კერძო სექტორის კომპანიები გამოყოფენ. კერძო კომპანიები ამჟამად ინდოეთში 4000 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურებს აშენებენ.

მარეგულირებელ გარემოში ცვლილებების განხორციელების შედეგად, კერძო ბიზნესმა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების დაბანდება დაიწყეს. წინათ ინდოეთში კერძო კომპანიებს მომხარებლებისთვის ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდება ეკრძალებოდათ.

ენერგეტიკის ექსპერტი რაგურამანი აღნიშნავს, რომ კერძო კომპანიები ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში მოგების მიღების კარგ საშუალებას ხედავენ:

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კერძო სექტორს თამაშში ჩართვა უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად შეუძლია. ჩვენ ელექტროენერგია შეგვიძლია პირდაპირ, როგორც საგანმაგანაწილებლო ცენტრებს ისე ინდივიდუალურ მომხმარებლებს მივაწოდოთ“-დასძინა ინდოელმა ენერგეტიკის ექსპერტმა.

ინვესტიციების უმრავლესობას შინაური კომპანიები კისრულობენ, რადგან უცხოელ ინვესტორებს ინდოეთში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების შეძენა და ეკოლოგიური საშვების მოპოვება ძალიან უჭირთ.

ელექტროენერგიის ნაკლებობა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ინდოეთის ეკონომიკას ანელებენ. ინდოეთის მთავრობა კერძო სექტორს და უცხოელ ინვესტორებს ახალი გზების, რკინიგზისა და საზღვაო პორტების მშენებლობისკენ მოუწოდებს.