ამერიკელი სამხედროები ოკინავას ტოვებენ

ამჟამად იაპონიაში 47 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.

პენტაგონის სპიკერის ჯორჯ ლიტლის განცხადებით, შეერთებული შტატები იაპონიისადმი მიცემული დაპირების ერთგული რჩება: 9 000-მდე ამერიკელი მეზღვაური იაპონურ კუნძულ ოკინავას დატოვებს და წყნარი ოკეანის სხვადასხვა რეგიონში განლაგდება.

ასეთია ამერიკა-იაპონიას შორის მიღებული ერთობლივი შეთანხმება, რომლის შესახებ განცხადება ვაშინგტონში და ტოკიოში ხუთშაბათს საღამოს გამოქვეყნდა.

იაპონაში დისლოცირებული საზღვაო ფლოტის ნაწილი ჰავაის, გუამის და ავსტრალიის ტერიტორიებზე განაწილდება. ოფიციალურ განცხადებაში გადაადგილებების ვადებზე არაფერია ნათქვამი, თუმცა აღნიშნულია, რომ იაპონიას ის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დაუჯდება, ამერიკას კი 9. ამჟამად იაპონიაში 47 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.