ვინ არიან უსტატუსო დევნილები

ვინ არიან უსტატუსო დევნილები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი, გუგუტიანთკარის ნაწილი, ეგრნეთის ზედა ზონა, ხურვალეთი და სხვა სოფლების განაპირა ტერიტორიები დღესდღეობით უკონტროლოა.

2008 წლის ომიდან სამი წელი და ხუთი თვეა გასული, თუმცა ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო მუდმივი საცხოვრებლი მიატოვეს, დღესაც გაურკვეველი მომავლით ცხოვრობენ. ესენი ეგრეთ წოდებული უსტატუსო, ანუ არაოფიციალური დევნილები არიან. ამ კატეგორიის ნაწილი გორში, საბავშვო ბაღების შენობებშია განთავსებული, ნაწილი კი კერძო სექტორში ცხოვერობს. მათი საერთო პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მათ დევნილებად არ აღიარებს. კითხვას: რატომ ხდება ეს? – ვრცელი პასუხი აქვს.

პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი ამისა, პოლიტიკური სარჩულის მატარებელია. უსტატუსო დევნილების უმეტესობა გამოდევნილია ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპირებულად აღიარებული ოფიციალურად არ არის. შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგნლები შიშობენ, რომ თუ ასეთ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს დევნილად ჩათვლის, ეს ახლოსაა აღიარებასთან, რომ მათ საცხოვრებელს საკუთარი იურისდიქციის ქვეშ არ მიიჩნევს.

საქმე იმაშია, რომ 2008 წლის ომის შედეგად ქართველი სამართალდამცავების მიერ უკონტროლოა არა მხოლოდ ის ტერიტორია, რომელზე პრეტენზიასაც ოსური მხარე აცხადებს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკების მიხედვით, არამედ მიმდებარე ტერიტორიების გარკვეული ნაწილიც. ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ შედის მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ახალგორის რაიონითურთ და სხვა ტერიტორიაზე, რომელიც „მათი არ არის“, ისინი პრეტენზიას არ აცხადებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი, გუგუტიანთკარის ნაწილი, ეგრნეთის ზედა ზონა, ხურვალეთი და სხვა სოფლების განაპირა ტერიტორიები დღესდღეობით უკონტროლოა. იქ მცხოვრები ადამიანები კი დევნილობაში იმყოფებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათი საცხოვრებელი ოფიციალურად ოკუპირებულად აღიარებული არაა, სახელმწიფო დევნილის სტატუსს არ აძლევს.

შესაბამისად, ამ ადამიანების მომავალი განსახლების გეგმა გამოთიშულია დევნილთა ერთიანი სტრატეგიიდან, რაც გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. მათზე პასუხისმგებლობას ვერც ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აიღებს, რადგან ეს ადამიანები დევნილები ოფიციალურად არ არიან. არსებული კანონდებლობის თანახმად, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე კი აცხადებს, რომ მათთან მიმართებაში რაიმე გადაწყვეტილება სახელმწიფოს ჯერ არ მიუღია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას რამდენიმე საქმე აქვს სასამართლოში, სადაც სწორედ ისეთი ადამიანების უფლებების დაცვას ცდილობს, რომლებიც დევნილები მხოლოდ ფაქტობრივად არიან. „ზარდიაანთკარიდან დევნილების საქმე სასამართლოში უსაშველოდ ჭიანურდება. მართალია, საქალაქო სასამართლოშიც მოვიგეთ საქმე და სააპელაციოშიც, მოსამართლეებმა თქვეს, რომ ამ ადამიანებს სტატუსი ცალსახად ეკუთვნით, მაგრამ სამინისტრო საქმეებს ასაჩივრებს. ახლა უზენაეს სასამართლომდე ვართ მისულები, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია“,– ამბობს ქეთი ბებიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფროსის მოადგილე.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პრობლემა არა მხოლოდ ოკუპირებულად არაღიარებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს აქვთ, არამეც მათაც, ვისი უძრავი ქონებაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განადგურდა. „ჩვენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში ისეთი ადამიანის ინტერესებს ვიცავთ, რომელბმაც სახლები დაკარგეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საბუთების მიხედვით ჩაწერილები არ იყვნენ ადგილზე, ჩვენმა სახელმწიფომ ისინი დაზარალებულებად არ მიიჩნია,“– ამბობს ლია მუხაშავრია.

სტატუსის მინიჭების საკითხი დევნილებისთვის დღემდე მწვავე პრობლემად რჩება. ხელისუფლება ამ ადამიანებს უფლებას აძლევს გამოიყენონ მუნიციპალური ქონება: იცხოვრონ საბავშვო ბაღებში, უფასოდ ისარგებლონ კომუნალური მომსახურებით, მაგრამ მათ დევნილებად მაინც არ აღიარებს და ამ დროდე არც იმას ამბობს, როგორი შეიძლება იყოს მათი ცხოვრების პერსპექტივა.