„ომის სხვა სახე“

წიგნის პრეზენტაცია გუშინ გორში გაიმართა, სამი დღის წინ კი ერევანში, სადაც ავტორთა გაცილებით ფართო წრე ესწრებოდა.

„ომის სხვა სახე“ ასე ეწოდება წიგნს, რომელიც სამ ენაზე გამოვიდა, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. მასში მოთხრობილი ისტორიები გულგრილს არავის ტოვებს. ისინი საკუთარი სიმართლითა და რეალობით იზიდავს მკითხველს. ავტორები ამბობენ, რომ წიგნში შესული არც ერთი ამბავი არაა გამოგონილი ან შელამაზებული. ეს გულისამაჩუყებელი შემთხვევები 2008 წლის ომის დროს რეალურად ხდებოდა საომარი მოქმედებების პარალელურად. წიგნზე ოსმა და ქართველმა ავტორებმა ერთდროულად იმუშავეს. ოსები ადმინისტრაციული საზღვრის გადაღმა აგროვებდნენ რიგითი მოქალაქეების მონათხრობს ომის დროს ქართველი ჯარისკაცების მიერ გამოჩენილი სიკეთის შესახებ, ქართველი ავტორები კი ანალოგიურ ამბებს ოსების შესახებ ქართულ მხარეს იწერდნენ. „ჩვენ ინტერვიუებს ვიღებდით ომით დაზარალებული ადამიანებისგან და ამიტომ გვქონდა ვიზიტები ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში და დევნილებთან. ერთ–ერთ დევნილ ქალბატონს, რომელსაც ვთხოვეთ მოეყოლა იმის შესახებ, თუ რა გადახდა ომის დროს, გვიამბო სრულიად განსხვავებული ისტორია. მოგვიყვა, როგორ დაეხმარნენ მას ოსი ჯარისკაცები, როდესაც მარტო, საწოლს მიჯაჭვული იყო დარჩენილი სახლში ომის დროს. ოსებმა ის წაიყვანეს, უმკურნალეს და შემდეგ ფარული გზებით უკან დააბრუნეს. ორიოდე კვირაში, ერთ–ერთ ქართულ–ოსურ შეხვედრაზე მოვისმინე ანალოგიური ისტორია ჩემი ოსი კოლეგისგან. იგი საუბრობდა ქართველ ჯარისკაცზე, რომელმაც ომის დროს რამდენიმე ოსი ეროვნების ოჯახი გადაარჩინა. სწორედ ამგვარ ვითარებაში დაიბადა იდეა, შეგვევგროვებინა ასეთი ისტორიები და წიგნად გამოგვეცა. წიგნში მოთხრობილი ამბებიც და რეალური ისტორიებიც ფაქტებია: უმძიმეს პირობებში ოსები და ქართველები ერთმანეთს ეხმარებიან. ეს კიდევ ერთხელ ამტიცებს, რომ ჩვენს შორის არაა ეთნიკური ხასიათის კონფლიქტი,“– ამბობს მეგი ბიბილური, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ ხელმძღვანელი, რომელიც წიგნის თანაავტორია.

წიგნის პრეზენტაცია გუშინ გორში გაიმართა, სამი დღის წინ კი ერევანში, სადაც ავტორთა გაცილებით ფართო წრე ესწრებოდა. იქ ოსი თანაავტორებიც იმყოფებოდნენ. მეგი ბიბილური ამბობს, რომ ოსური საზოგადოება მზადაა მიიღოს და გაავრცელოს წიგნი, რომელშიც მხოლოდ სიკეთის ისტორიებია მოთხრობილი. თიმურ ცხურბატი ერთ–ერთი ოსი ავტორთაგანია. იგი ყოფილი კომბატანტია. საომარ მოქმედებებში მონაწილეობას მეოცე საუკუნის 90–იან წლებში თავადაც იღებდა. თიმური ამბობს, რომ წიგნზე მუშაობის პროცესმა იგი შეცვალა. „ჩემი ცხოვრების დიდმა ნაწილმა ომში გაიარა და ასეთ ცხოვრებას არავის ვუსურვებ. ადამიანმა ადამიანური სახე უმკაცრეს პირობებშიც უნდა შეინარჩუნონ და ვინც ამას ახერხებს, მისაბაძი და სამაგალითო უნდა იყოს. ორივე მხარეს, ქართულ მხარეს ოდნავ ნაკლებად, მაგრამ მაინც არსებობს სტერეოტიპი, მტრის ხატი, მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში ქართველები მართლაც ბევრს სცოდავენ, მაგრამ კონკრეტულ ქართველებზე არაა ეს პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, საჭიროა ამ სტერეოტიპის დანგრევა და ჩვენება იმისა, რომ ყველა ქართველი მტერი და საზიზრაღი არ არის და რომ ქართველებიც, ისევე როგორც ოსები, ჩადიან სიკეთეს. ჩემი მიზანი წიგნზე მუშაობისას სწორდ სტერეოპიტების დანგრევა იყო, რომლებიც ძალიან მყარადაა დამკვიდრებული. პოლიტიკის მიღმა, ჩვენ ყოველთვის მეზობლები ვიქნებით.ეს ომი კიდევ ადრე თუ გვიან დასრულდება.“– ამბობს თიმურ ცხურბატი.

მარია პლიონი, ერთ–ერთი ოსი თანაავტორი ამბობს: „ჩემი აზრით, ეს პირველი პროექტია, რომელიც აჩვენებს, რომ ომის დროს ადამიანები არა მარტო ხოცავენ ერთმანეთს, არამედ ეხმარებიან კიდეც. წიგნში გადმოცემული ისტორიები, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ომის საშინენელებას. ომის თემაზე არაერთი ფილმი გადაიღეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის გაგებას, რომ ომი საშინელებაა და ის აღარ უნდა განმეორდეს. ეს წიგნი კი სწორედ ამგვარ ეფექტს ახდენს, ის აჩვენებს სწორედ ომის საშინელებას და გვაგრძნობინებს, რომ მისი დაშვება აღარ შეიძლება“,– ციტატის დასასრული.

„ომის სხვა სახე“ გამოიცა COBERM–ის მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ მექანიზმს წარმოადგენს ნდობის აღდგენისთვის კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის.

ირინა რიჟეკი პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს: „ჩემთვის არაა ცნობილი იმის შესახებ, თუ არსებობს ანალოგიური პროექტები სხვა კონფლიქტების ისტორიაში, მაგრამ თუ არ არსებობს, ვფირობ, ეს კარგი მაგალითია სხვებისთვის გამოსაყენებლად, რადგან აქ აბსოლუტურ პოზიტივზეა ყურადღება გამახვილებული და ამ ყველაფერთან ერთად, ეს წიგნია, ძალიან საინტერესო წიგნი“.

გელა კაპანაძე, სტუმარი, რომელიც წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდა ამბობს, რომ ამ ისტორიებით მისთვის გაიხსნა წიგნის მიღმა სამყარო, რომლის გმირები რეალობაში არსებობენ და რომლებთანაც მომავალში ურთიერთობის იმედი გაუჩნდა.

მართალია წიგნში მოთხრობილი ყველა ისტორია რეალურია, მაგრამ მისმა გმირებმა საკუთარი სახელები ვერ ქართულ და ვერც ოსურ მხარეს ვერ დაასახელეს. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს რესპოდენტთა შეუვალი სურვილი იყო, რასაც ჩვენი პოლიტიკური რეალობა განაპირობებს.