დეტალურად: მაღალჩინოსნების დაკავება

ივანე მერაბიშვილი

ამ დრომდე საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდვინისთვის, ასევე კახეთის გუბერნატორისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ არ წაუყენებია. ორივე მათგანი ქუთაისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

საქმე ეხება დასაქმების პროგრამას, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნოდ წამოიწყო დაახლოებით ორი წლის წინ, ასევე 2011 წლის 26 მაისის მიტინგზე გადამეტებული ძალის გამოყენებისა და ამ მიზეზით ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს და სანდრო გირგვლიანის საქმეს. ამის თაობაზე დღეს პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა.

თავს დამნაშავედ არც მერაბიშვილი და არც ჭიაბერაშვილი არ ცნობენ. პოლიცია ამ დრომდე იმყოფება მერაბიშვილის სახლში, სადაც ჩხრეკვა ჯერ არ დასრულებულა. ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლიდან კი რამდენიმე კომპიუტერია ამოღებული.


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაკავებები პოლიტიკური მოტივით ახსნა. მისი განცხადებით, რუსეთს, ყველაზე მეტად, პრეზიდენტის შემდეგ ჭიაბერაშვილთან ანგარიშსწორება უხარია, რადგან იგი იყო ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი მაშინ, როდესაც დაკანონდა ტერმინი ოკუპაცია. მან პარალელი გაავლო უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან, სადაც დღემდე დაკავებულია ყოფილი პერმიერი. მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გაყინა ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და აღმოჩნდა ის იზოლაციაში. “არ მიხარია ამის თქმა და ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ასე არავის ეფიქრა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ევროპას დღეს ნაკლებად ვჭირდებით, ვიდრე უკრაინა. სამაგიეროდ უკრაინაზე მეტად ვჭირდებით რუსეთს,”- განაცხადა სააკაშვილმა. მოვლენების შეფასებისას მან ასევე განაცხადა, რომ ძალიან ნანობს, რადგან არ შეხვდა სანდრო გირგვლიანის დედას, რომელსაც მისივე თქმით, ძალიან თანაუგრძნობდა და განიცდიდა მის მიმართ დანაშაულს. რაც შეეხება პრეზიდენტის დამოკიდებულებას ორი წლის წინანადელ 26 მაისთან, მისი შეხედულება უცვლელია. მისი აზრით, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალა. სააკაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ ოპოზიციას რომ ჩაედინა იგივე, ის პოლიციას გაამართლებდა ამ შემთხვევაშიც.

პრეზიდენტის აზრით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობის დადგენით ის პროკურორები არიან დაკავებულები, რომლებიც შევარდნაძის დროს მუშაობდნენ და ახლა დაბრუდნენ პროკურატურაში.


ვანო მერაბიშვილი ნაციონალურმა მოძრაობამ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა დავით ბაქრაძესთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად. მაისის ბოლოსთვის დაანონსებული იყო პრაიმერის ჩატარებაც კანდიდატებიდან ყველაზე რეიტინგულის გამოსავლენად.


ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას დღეს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ არ სურს მოვლენებს დაასწროს და წინასწარ რაიმე დასკვნა გამოიტანოს. იგი აპირებს დაელოდოს გამოძიების შედეგების გამოცხადებასა და სასამართლოს განაჩენს. “კითხვები არსებობდა წინა ხელისულფების მიმართ. მაგრამ სანამ სასამართლო არ იქნება, ვერაფერს ვიტყვით. არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ პოლიტიკურ დევნას. თუმცა არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, მოიხსენიება მერაბიშვილი და ასევე პრეზიდენტიც. თუ კანონის დარღვევა აქვს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ისევე დაისჯება, როგორც სხვა ნებისმიერი”,- ასეთი იყო პრემიერის განცხადება.


ბაქოში მყოფმა შსს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ დაკავებებზე კომენტირებისას გაიხსენა მისივე მოადგილის დაკავების ფაქტი რამდენიმ დღის წინა. მისი თქმით, “ჩვენ ქვეყანაში არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა. ჩემთვის ცნობილია, რომ სერიოზული ბრალია გამოკვეთილი, რამდენიმე ეპოზოდზე. ორი მძიმე კორუფციული ეპოზოდია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავინ არ იქნება პრივილეგირებული. მოგეხსენებათ, რომ ჩემი პირველი მოადგილე დავაკავეთ, რადგან მან ჩაიდინა დანაშაული. თუ ეს დამტკიცდება სასამართლოს მიერ, ის უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.”


სოციალურ ქსელებში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების შემთხვევები მთელი დღის მანძილზე განიხილება. განსაკუთრებით ჭარბობს ჩანაწერები, სადაც ფიქსირდება განწყობა, რომ მერაბიშვილის დაკავება უკვე დიდი ხანია მოსალოდნელი იყო. რიგ შემთხვევებში, ეს ფაქტი წარმოდგენილია, როგორც სამართლიანობის აღდგენა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ეხმაურებიან ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლის, ჟურნალ ტაბულას რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ “თუ ნაციონალური მოძრაობა არ გაემიჯნება პრეზიდენტის კატასტროფულ განცხადებას ლგბტ თემის აქციის თაობაზე, მე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერად აღარ განმიხილოთ.” საზოგადოების ნაწილის მიერ ეს ნათქვამი შეფასდა, როგორც ღია განხეთქილება ნაციონალურ მოძრაობაში. აქვე დავძენთ იმასაც, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი 17 მაისს ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქციის დარბევის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ არ იცის, ღირდა თუ არა აქციის გამართვა სწორედ იმ ადგილას, სადაც წინა დღით დაღუპულ მეომრებს გლოვობდნენ.


დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი დაკავებიდან 48 საათში უნდა წაუყენონ. პროკურატურა მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს 5 მილიონზე მეტი ლარის ზიანზე ედავება. “მერაბიშვილმა, ჭიაბერაშვილთან ერთად დაგეგმა და განახორციელა უმუშევართა დასაქმების პროგრამა, რის ფარგლებშიც, რეალურად არავინ დასაქმებულა. მხოლოდ 22 ათას პირს მოჩვენებითად გაუფორმეს ხელშეკრულება, როგორც შტატგარეშე თანამშრომლებს. ნაწილმა ამ ადამიანებისგან ფული მიიღო მხოლოდ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის, სინამდვილეში მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ,”- განაცხადა დღეს პროკურორმა. მერაბიშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შორისაა აჭარაში, კვარიათში კერძო მესკუთრის სახლის თვითნებულად და ძალადობრივი გზით გამოყენება. პროკურორის თქმით, მისი მესაკუთრე მერაბიშვილმა 2009 წელს დააპატიმრა, სახლი კი შსს-ს ასიგნებებით გაარემონტა, რის შემდეგაც აღნიშნულ შენობას მისი ოჯახი იყენებდა.


ამ ბრალდებას მერაბიშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე უპასუხა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიკარგა 82 ათასი სამუშაო ადგილი და გამოთქვა იმედი, რომ უმუშევართა ბაზა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ზემოთხსენებული სადავო პროექტის ფარგლებში შექმნა, გამოადგება ახალ ხელისუფლებას უმუშევრობის პრობლემის დაძლევისას. .


პროკურატურა მერაბიშვილის მიერ ფალსიფიცირებულ სამართალწარმოებაზეც საუბრობს, სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებით. “პრაქტიკულად სრული სიზუსტითაა აღდგენილია ვითარება გირგვლიანის საქმეზე. მერაბიშვილმა მეუღლის, აგრეთვე სხვა მასთან დაახლოებული პირების ხელოვნური განრიდების მიზნით უზურუნველყო საქმეზე ფალსიფიცირებული სამართალწარმოება,”- განაცხადა პროკურორმა დღეს.


ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლება როდესაც ვერ ახრხებს გამოწვევებს უპასუხოს, ამ შემთხვევაში იდგმება სანახაობა, რომელიც დღეს გვაქვს სახეზე.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისადმი წარდგენილი ბრალდება, 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.