მორიგი დაკავება კონფლიქტის ზონაში

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მორიგ დაკავებულს ოჯახი უკვე სამი დღეა ვერ უკავშირდება. ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მოხდა. მამუკა სამხარაძე ცხინვალის იზოლატორში უკვე მესამედ მოხვდა. სამივე შემთხვევაში ერთი და იმავე ქმედების გამო, რაც ოჯახის შეშით უზრუნველყოფას გულისხმობს.

კირბალი ერთ-ერთია იმ 58 სოფელს შორის, სადაც გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების თაობაზე ხელისუფლებამ 2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებული მუშაობის ორწლიანი შედეგების ანგარიშში უკვე ისაუბრა. რეალობა ანგარიშში მოყვანილ სტატისტიკასთან თანხვედრაში არაა. მიუხედავად იმისა, რომ კირბალში, ისევე როგორც კონფლიქტის ზონის სოფლების უმეტესობაში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ბუნებრივი აირით მოსახლეობა მაინც ვერ სარგებლობს. ეს ტექნიკური ხასიათის მიზეზების გამო ჭიანურდება, როგორიცაა მაგალითად მილების ბალანსზე აყვანა, შესრულებული სამუშაოების ჩაბარება, ნებართვის გაცემა და სხვა. 2008 წლის შემდეგ სოფელ კირბალს ტყით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. რუსი მესაზღვრეები პერმანენტულად აკავებენ ყველა მოქალაქეს, ვინც კირბალის მიმდებარე ტყეში შეშის მოსაჭრელად წავა. მამუკა სამხარაძისთვის ეს დაკავების უკვე მესამე შემთხვევაა. მისი დედა, ნელი სამხარაძე ამბობს: „ორშაბათს დილით წასულა ტყეში, მიადგნენ რუსი ოკუპანტები და წაუყვანიათ. ახალგორიდან დაკავებული გაუთავისუფლებიათ იმ დროს ცხინვალის ციხიდან, ის დაუკავშირდა ჩემს რძალს და ასე გავიგეთ ჩემი შვილის დაკავების თაობაზე. ნათესავი არ გვყავს ცხინვალის მხარეს, რომ მათი მეშვეობით გადაგვერიცხა თანხა გამოსახსნელად“.

ამერიკის ხმასთან ისაუბრა ზეღდულეთის გამგებელმა დავით ცერცვაძემ, რომლის საგამგებლო ერთეულში კირბალიც შედის. „მამუკა სამხარაძე სოფლის განაპირას ცხოვრობს, ბოლო მოსახლეა, მისი სახლი ყველაზე ახლოსაა საოკუპაციო ხაზთან, თუ როგორც ამას უწოდებენ. გადავიდა შეშაზე, რომ ზამთრისთვის დაემარაგებინა და ამ დროს დააკავეს. კირბალში მავთულხლართები არაა გავლებული მაგრამ, ფართობები, რაც ცარიელია, ვითომ იქამდეა ჩვენი სამოქმედო ტერიტორია. ბუჩქები და ტყე რომ იწყება, იმ ადგილებს კი რუსები აკონტროლებენ. სამხარაძე ტყიდან დააკავეს და წაიყვანეს ცხინვალის იზოლატორში. იმ პერიოდში ციხიდან გამოუშვეს ახალგორის მცხოვრები, რომელიც დაუკავშირდა ოჯახს და შეატყობინა ეს ამბავი. გაზი გამოყვანილია, დაქსელილია, ყველაფერი გამზადებულია, ჯერ-ჯერობით მოსახლეობას არ მიეწოდება, მარტო ჩართვა უნდა. საკვების მოსამზადებლად ადამიანები ისევ შეშის ღუმელს იყენებენ და ზამთრისთვისაც აქვთ გასათვალისწინებელი შეშა,“- ამბობს დავით ცერცვაძე.

კირბალიდან ყველაზე ხშირია დაკავების შემთხვევები, რაც უშუალოდ ტყით სარგებლობის აუცილებლობას უკავშირდება. ზაფხულობით საკვების მოსამზადებლად, რასაც ზამთრობით გათბობის აუცილებლობა ერთვის თან, მოსახლეობისთივის შეშას ალტერნატივა არ გააჩნია. ადგილობრივი გამგებელი ვერაფერს ამბობს იმის თაობაზე, მოხერხდება თუ არა მოსახლეობის უზრუნველყოფა ბუნებრივი აირით წლევანდელი ზამთრისთვის. ეს შეშის მოპოვების მიზეზით სოფლის მაცხოვრებლების დაკავების შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანდა. ამასობაში კი მამუკა სამხარაძის ოჯახს თანხა აქვს მოსაძიებელი იმისთვის, რომ ოჯახის წევრის ცხინვალის ციხიდან გამოსახსნელად გადაიხადოს. თანხის რაოდენობა დაკავებების რაოდენობის პროპორციულად იზრდება. სამხარაძეების ოჯახს ამჯერად 2000 რუბლის აკუმულირება უწევს, რაც ცხინვალის მხარეს მცხოვრები ნათესავების ან ნაცნობების ხელში უნდა მოხვდეს იმისთვის, რომ მათ დე-ფაქტო ადმინისტრაციის ბიუჯეტში ეს თანხა განთავისუფლების სანაცვლოდ ჩარიცხონ.