სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 70 %-ზე მეტი მიიღო. მეორე ადგილზე, 9 % ზე ნაკლები ხმებით არის პარტია „აყვავებული სომხეთი“.
43 წლის პოლიტიკოსმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი მაისში დაიკავა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ. საპროტესტო ტალღას შედეგად, ყოფილი პრემიერის სერჟ სარგსიანის გადადგომა მოჰყვა. სარგსიანს მანამდე სომხეთის პრეზიდენტის პოსტიც ეკავა.
სარგსიანის "რესპუბლიკურმა პარტიამ" ხმების 4. 56 % მიიღო და ამ მონაცემებით, ის 5 %-იან ბარიერს მიღმაა და პარლამენტში ვერ ხვდება. თუმცა, სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო მანდატების 30% ოპოზიციის წევრებისთვის გარანტირებულია, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის გუნდის წევრები შესაძლოა პარლამენტში ამგვარად მაინც აღმოჩნდნენ.