სომხეთი გაეროს ნეიტრალიტეტის აღდგენისკენ მოუწოდებს

სომეხი ჯარისკაცები მთიანი ყარაბახის საზღვართან. 8 ნოემბერი, 2020 წ.

ოფიციალური ერევანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა გაერომ "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში ნეიტრალური პოზიცია აღადგინოს". სომხეთი აპროტესტებს ყარაბაღის ცენტრალურ ქალაქში, აზერბაიჯანის მიერ მოწყობილ ღონისძიებაში გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობას.

ასევე ნახეთ: ერევანი და ბაქო ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ლილა პიტერს იაჰია - სომხეთში გაეროს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი, ერევანმა 19 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. გაეროს წარმომადგენელს უთხრეს, რომ სომხეთი "მკაცრად გმობს გაეროს ოფისის ჩართვას აზერბაიჯანის მიერ 18 მარტს, შუშაში მოწყობილ ღონისძიებაში".

მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ქალაქ შუშას, აზერბაიჯანში სუსას უწოდებენ. ამ ტერიტორიას ახლა ბაქო აკონტროლებს. 18 მარტს კი იქ გაეროში აზერბაიჯანის გაწევრიანების 30 წლისთავი აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, სადაც სტუმრების სტატუსით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, ქალაქში გაეროს დროშა აღმართეს. მომხდარზე კომენტარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია.