პირი, რომელმაც 7 მძევალი აიყვანა დაკავებულია - შსს

თბილისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი პირი, რომელმაც მძევლად 7 ადამიანი აიყვანა, დაკავებულია. განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული პირი, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა.

ასევე ნახეთ: სპეცოპერაცია West Tower Hotel-ში: Am241-ი 300 000 ევროდ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა." - ნათქვამია განცხადებაში.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

სპეცოპერაცია თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.