ქართველი ვეტერანი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დავით გურწიევი დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ დააწინაურა - ახალგორის პროკურორად დანიშნა.
დავით გურწიევი მცხეთის სასამართლომ 2020 წლის 16 დეკემბერს დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა უვადოდ მიუსაჯა. მას, ალიკ ტაბოევთან ერთად, ბრალი ედებოდა არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში. 2018 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს შსს-დან მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა.
ოფიციალურ თბილისს ამ დრომდე არანაირი საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებია გურწიევის „სამართალდამცავად დანიშვნის“ გამო ახალგორში. „ამერიკის ხმამ“ დუმილის მიზეზის თაობაზე კითხვა დაუსვა პარლამენტის წევრს „ქართული ოცნებიდან“ ნინო იობაშვილს.
მისი საპასუხო განცხადების მიხედვით, „გურწიევს მისჯილი აქვს საქართველოს სასამართლოს მიერ სასჯელი და არის ინტერპოლით ძებნილი. ეგრეთ წოდებულ საკადრო გადაადგილებებს დე-ფაქტო ტერიტორიაზე, ცენტრალური ხელისუფლება ვერ გამოეხმაურება. ზოგადად, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გურწიევიც დაისჯება, აუცილებლად. დაისჯება ყველა, ვინც დაღვარა ქართველების სისხლი. ქართული მართლმსაჯულება ყველაფერს გააკეთებს, რომ აღსრულდეს განაჩენი. ვიყენებთ ყველა ფორმატს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარების თაობაზე სრულად იყოს ინფორმირებული საერთაშორისო საზოგადოება. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან.“
Your browser doesn’t support HTML5
„როგორც კი რუსეთის ფედერაციის კონტროლირებულ ტერიტორიას დატოვებს, აგებს პასუხს კანონის წინაშე. ერთადერთი, ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ქილერი დავიქირაოთ და მოვაკვლევინოთ, აბა რას გვთავაზობთ მეტს? რუსეთის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ რამე. რუსეთი რატომ გადმოგვცემს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს მასთან? რატომ გადმოგვცემს ვინმეს, თავის სეპარატისტს“,- განუცხადა "ტვ პირველს" ბექა დავითულიანმა, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2018 წლის 26 ივნისს დამტკიცდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რითაც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების ჩამონათვალია მითითებული.
პარლამენტის წევრმა თეონა აუბარდიამ, სწორედ ეს დადენილება მიუთითა საჯარო განცხადებაში, სადაც ის წერს: "ოკუპირებული ახალგორის ეგრეთ წოდებულ პროკურორად დავით გურწიევი „დაინიშნა“, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან შემხებლობაში მყოფი პირია, ინტერპოლის მეშვეობით იძებნება, ხოლო მცხეთის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამ დრომდე ოფიციალურ თბილისს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამის თაობაზე.“
Your browser doesn’t support HTML5
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის სოფელ მოსაბრუნთან იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად დააკავეს ალიკ ტაბოევმა და დავით გურწიევმა. შემდგომ ის გადაიყვანეს ცხინვალის ციხეში, სადაც აწამეს. ამის თაობაზე „ამერიკის ხმასთან“ მარიამ ჯიშკარიანმა, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ დირექტორმა ისაუბრა. „ემპათია“ იცავს ტატუნაშვილების ოჯახის ინტერესს სტასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში. ინდივიდუალური სარჩელი „ტატუნაშვილები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო, თუმცა განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა. ბუნდოვანია ისიც, რამდენად იმუშავებს რუსეთის ფედერაცია სტრასბურგთან იმ დროს, როდესაც ის გამოსულია ევროსაბჭოდან და მოხსნილი აქვს ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებები.
დავით გურწიევის სახელს არაერთი გახმაურებული ამბავი უკავშირდება. ის იყო გამომძიებელი იმ დროს, როდესაც ახალგორიდან 19 წლის დავით ბაშარული გაუჩინარდა 2014 წლის 4 ივნისს. ბაშარულის ცხედარი 6 თვის შემდეგ, ახალგორთან, ტყეში იპოვეს. მისი სიკვდილის საქმეზე გამოძიება გურწიევს ჰქონდა დავალებული, რომელიც ჩაიფარცხა. ბაშარულის ოჯახი დაზარალებულად დღემდე არ ცნო ცხინვალმა. 19 წლის ახალგაზრდა, ცოცხალი, უკანასკნელად ახალგორის პოლიციიდან მომავალი იხილეს.
დავით გურწიევი პირადად იცნობდა არჩილ ტატუნაშვილსაც, რომელიც ჯერ ახალგორში დააკავა და შემდეც ცხინვალის ციხეში, მის წამებაში მიიღო მონაწილეობა.
დავით გურწიევმა „შეკერა“ და თავის თავზე აიღო ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეც, რომელიც 6 წლის წინ, ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს, შემდეგ სახლი გაუჩხრიკეს, ყველა საბუთი ჩამოართვეს და 6 წლის განმავლობაში სასამართლოდან-პროკურატურას შორის ატარეს. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეარაყიშვილის მიმართ ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, პროკურატურამ კი დაადგინა, რომ ის უდანაშაულო იყო. პარალელურად - მეარაყიშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების ავტორი და შემსრულებელი გურწიევი დააწინაურეს და მეარაყიშვილის მეზობლად დანიშნეს პროკურორად - ახალგორში, სადაც არაერთი დანაშაული ჩაიდინა.
დე-ფაქტო ადმინისტრაციის ვებგვერდზე 2019 წლის 24 სექტემბრის თარიღით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციისგან დავით გურწიევისა და ტაბოევის გადაცემას ითხოვდა, რაზეც რუსულმა მხარემ უარით უპასუხა იმ მიზეზით, რომ „მათ აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა“.
დავით გურწიევის დანაშაულებრივი ქმედებები და ციხის წამებებში მონაწილეობა მზადაა ამხილოს დე-ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა კავშირგაბმულობის მინისტრმა გიორგი კაბისოვმა. ის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მმართველობის პერიოდში ციხეში იჯდა და როგორც ამბობს, თვითმხილველია წამების და ნაშაულებებისა ცხინვალის ციხეში, რომელშიც გურწიევი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, პატრიმრების ცემაში მონაწილე ჯგუფს, რომლის წევრებს ნიღბები ეკეთათ, ხელმძღვანელობდა გურწიევი - უნიღბოდ.
მასობრივი წამების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ცხინვალის ციხეში ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობიდან მალევე მოხდა. იმ დროს პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს, რომლის „აღსაკვეთად“ ციხეში ძალოვანი მინისტრი და მასთან ერთად, გურწიევის ჯგუფი შევიდა. მათ პატიმრებს სცემეს და შიმშილობის შეწყვეტა ამ გზით აიძულეს. ცხინვალის კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი გიორგი კაბისოვი, სოციალურ ქსელში, „ეხო კავკაზას“ პუბლიკაციაზე აკომენტარებს და წერს: „მეც მაქვს კითხვები გურწიევთან და სასამართლოში დავუსვამ“.
2018 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიდა მეორე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მასში გასაჩივრებულია უკანონო გატაცებები, არაადამიანური მოპრყობა, უკანონო თავისუფლების აღკვეთის საქმეები. მასშივე ფიგურირებს არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საქმებიც.
Your browser doesn’t support HTML5
„ემპათია“ მონაწილეობდა სასამართლო სამედიცინო ნაწილში და მომზადდა დასკვნა, მინესოტის პროტოკოლის შესაბამისად. ესაა გაეროს პროტოკოლი უკანონო მკვლელობების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით. „ემპათიის“ იურისტებმა 2018 წლის აგვისტოში ტატუნაშვილების მშობლების სახელით, ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს- "ტატუნაშვილების ოჯახი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ". სარჩელს თან ახლავს „ემპათიის“ მოცულობითი დასკვნა, სადაც წერია, რომ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზია წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც ფიზიკური კომპონენტით, ისე ფსიქოლოგიური წამების ელემენტებით. „ამ საქმეში გამოიკვეთა დავით გურწიევის როლი, რომელიც მონაწილეობდა როგორც ტატუნაშვილის, ასევე კიდევ ორი ადამიანის წამებაში,“- გვეუბნება მარიამ ჯიშკარიანი, „ემპათიის“ დირექტორი. მისმა ორგანიზაციამ მასალები სახელმწიფოთაშორის სარჩელისთვისაც მიაწოდა საქართველოს ხელისუფლებას.
„ჩვენ მივმართეთ რუსეთის ფედერაციას, ვითხოვდით საქმის მასალებს. რუსეთის ფედერაციიდან მივიღეთ პასუხი, სადაც წერია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და წერილი მათთან გადაამისამართეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისგან კი მივიღეთ სრულიად არაადექვატური პასუხი, სადაც წერია, რომ ტატუნაშვილი, როგორც ყოფილი სამხედრო, დადანაშაულებული იყო ტერირიზმში. წერილში წერია, რომ დაკავების დროს გამოიყენეს ჭიდაობის ილეთები. ამის თაობაზე, საკმაოდ დეტალური აღწერაა წარმოდგენილი და ნათქვამია, რომ ამ დროს ის დაგორდა კიბეზე, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელია სრულად რუსეთის ფედერაცია, რადგან ის ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ამ ტერიტორიაზე. ხოლო როდესაც ჩვენი ხელისუფლება დუმს გურწიევის დაწინაურების შესახებ და აღშფოთებასაც არ გამოხატავს საერთაშორისო დონეზე. ესაა თავზე ლაფის დასხმა საქართველოსთვის,“ -გვეუბნება მარიამ ჯიშკარიანი.
Your browser doesn’t support HTML5
ახალგორში გურწიევი იმითაა სახელგანთქმული, რომ „ყველაფერზეა წამსვლელი“- გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ოკუპირებული ახალგორიდან. „ის მონაწილეობდა ყველა გახმაურებულ საქმეში. მისი ხელით შეიძლება ნებისმიერი საქმის გაკეთება, მათ შორის ისეთის, რომლის შესრულებაზე სხვა არავინ იქნება თანახმა. მან ჩემზე აღძრა სისიხლის სამართლის საქმე. ექვსი წლის შემდეგ კი დამტკიცდა, რომ მისი ბრალდება იყო ტყუილი. ჩემი საქმე სასამართლოს გადაეცა გურწიევის ხელით. მან შეკრიბა 30 „მოწმე“ ჩემს წინააღმდეგ, რომელთა ნაწილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ცრუ ჩვენებაა წარდგენილი მათი სახელით. ამ ცრუ ჩვენებების ავტორი იყო გურწიევი. ესაა სასტიკი ადამიანი“,- გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი. მას ახლა გურწიევის პროკურორობის პირობებში უწევს ახალგორში ცხოვრება.
ახალგორიდან დევნილმა, ამჟამად ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ბალაშვილმა „ამერიკის ხმასთან“ თქვა, რომ არ იცის, რა არის მოტივი ოსური მხრიდან იმისა, რომ მაინცდამაინც ეს პერსონა დანიშნეს პროკურორად. „მისი დანიშვნა, ნამდვილად არ გააუმჯობესებს ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. გურწიევს მე თვითონაც კარგად ვიცნობ. ახალგორშია დაბადებული და გაზრდილი, ის კარგად იცნობდა ტატუნაშვილსაც... ახალგორი ახლა ოკუპირებულია, ჩვენი იურისდიქცია იქ არ მოქმედებს ამჟამად, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სამართალი ოდესმე აღსრულდება“,- ამბობს თამაზ ბალაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
ქართული მხარე იგნონირებული აღმოჩნდა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის მოთხოვნაზეც. ის აფხაზეთში ცხოვრებას დაუსჯელად აგრძელებს. არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში ბრალდებული გურწიევი კი „სამართალდამცველადაა“ განწესებული დე-ფაქტო ცხინვალში.
დავით გურწიევს, ისევე როგორც რაშიდ კანჯი ოღლის რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის დატოვება არ შეუძლიათ. როგორც კი ისინი მოხვდებიან სახელმწიფოში, სადაც ინტერპოლი მათ იდენტიფიცირებას შეძლებს, დააპატიმრებენ და საქართველოს გადმოსცემენ.