არაბული მოვლენები ამერიკის რეგიონალურ სტრატეგიას შეცვლის

არაბული მოვლენები ამერიკის რეგიონალურ სტრატეგიას შეცვლის

რევოლუციურმა ცვლილებებმა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებს ტალღასავით გადაუარა. არაბული სამყაროს პოზიცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში კი ადგილიდან არ იძვრის. მშვიდობიანი მოლაპარაკებები ისრაელს და პალესტინას შორის ჯერ ისევ ჩიხშია.

ორ ქვეყანას შორის უკანასკნელი სარაკეტო შეტევების გაცვლის შემდეგ კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ სიტუაცია ძალზე საფრთხილო ხდება:

„პალესტინა-ისრაელს შორის სტატუს ქვო ისეთივე არამყარია, როგორც არაბული პოლიტიკური სისტემები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ორ ქვეყანას შორის მიმდინარე კრიზისის მოგვარების გარეშე არც ებრაელთა დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალია გარანტირებული და არც პალესტინელთა ლეგიტიმური მოთხოვნების შესრულება“.

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩევლის, ზბიგნევ ბზეჟინსკის, აზრით, დროა ობამას ადმინისტრაციამ მშვიდობის განმტკიცებაში და პალესტინა-ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის საბოლოო მოგვარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

„რეგიონში განწყობები იცვლება. ისრაელის პერსპექტივა, ერთხელ და სამუდამოდ მიიღონ, როგორც ახლო აღმოსავლეთის ლეგიტიმური სახელმწიფო, თანდათან უფერულდება. ეს შეერთებულ შტატებს აიძულებს მშვიდობის მოსაპოვებლად გადამწყვეტ ზომებს მიმართოს და უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგას“.

ბზეჟინსკი თვლის, რომ ვაშინგტონმა უნდა იჩქაროს, სანამ სექტემბერში პალესტინის ხელისუფლება გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს და მოითხოვს პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომამდე არსებულ საზღვრებში აღიარონ.

იმავე აზრისაა სენატორი ჯონ კერი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. იგი ამბობს, რომ ვაშინგტონი ამ ნაბიჯისთვის კარგად უნდა მოემზადოს, რადგან გაეროში ამ საკითხის განხილვა საკმაოდ საფრთხილოა. პოლიტიკა სავარაუდოდ უარესისკენ შეიცვლება და უკვე მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებებსაც სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს.

ისრაელის პრეზიდენტ, შიმონ პერესთან, შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ ახლო აღმოსავლეთში გადაუდებელ სამშვიდობო შეთანხმებაზე ისაუბრა.

არაბულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე პალესტინას და ისრაელს შორის მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა ისე სასწრაფოა, როგორც არასდროს“.

მერილენდის უნივერსიტეტის მშვიდობის და განვითარების პროფესორს, შიბლ თელჰემს, მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ვაშინგტონს რეგიონის ახალ მთავრობებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

პოლიტიკოსები და ექსპერტები შეერთებულ შტატებში ახალი ორმხრივი შეთანხმებების მიღწევაზე მსჯელობენ. მათი განცხადებით ისრაელის და პალესტინის ჰარმონიული თანაარსებობისთვის გამოსავლის მოძებნა ძალზე სასწრაფოა და ამ მიმართულებით განახლებულ ძალისხმევას მოითხოვს.