კომპანია "ეფლმა" აღიარა სერიოზული ხარვეზი, რომელიც ბოლო დროს "ფეის-თაიმის" საშუალებით დარეკვას ახლდა თან. როგორც ირკვევა, ზოგჯერ, დარეკვის დროს, მომხმარებელს ადრესატის საუბრის აუდიოს მოსმენა შეეძლო, თუნდაც მას ზარზე არ ეპასუხა. ამას გარდა, დამრეკავს შეეძლო უნებართვოდ მისი ეკრანიდან გადაღებული ვიდეოც ენახა.
"ეფლი" აცხადებს, რომ ის ხარვეზს კვირის განმავლობაში გამოასწორებს. კომპანიამ დროებით გააუქმა "ფეის-თაიმით" ჯგუფური ზარების მოწყობის ფუნქციაც. "პრობლემის საქმის კურსში ვართ, გამოსავალს მივაგენით და ის კვირის ბოლოსკენ პროგრამულ განახლებასთან ერთად გამოვა" - განაცხადა "ეფლმა" ჟურნალისტებთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ხარვეზი თან ახლდა iOS-12.1 პროგრამულ განახლებას და მას შემდეგ გამოსულ განახლებებს. ის არამარტო "აიფონზე", არამედ კომპანია "მაკის" კომპიუტერებზეც ფიქსირდება.
კერძო ინფორმაციის დაუცველობამ სოციალურ მედიაში დიდი აურზაური გამოიწვია. "ტვიტერის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ მომხმარებლებს დროებით "ფეის-თაიმის" გაუქმება ურჩია. ანალოგიურ რჩევას იძლევა ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. მისი თქმით, პირადი ინფორმაციის დაუცველობის ამგვარი ხარვეზი ნიუ-იორკელებს რისკს უქმნის.