"ეფლი" და მთავრობა: საზოგადოების აზრი

“მაიკროსოფტის” დამაარსებელი ბილ გეიტსი ტექნოლოგიური გიგანტების მმართველთა შორის იმ იშვიათ გამონაკლისს შეადგენს, რომელიც არა კომპანია “ეფლის”, არამედ ამერიკის მთავრობის მხარეს ირჩევს. “აიფონის” მწარმოებელი ჯერჯერობით უარს ამბობს გამოძიებათა ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობაზე და ხელისუფლებას ტელეფონის ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას არ აძლევს. ეს ინფორმაცია კი, შესაძლოა მომავალი ტერორისტული აქტების აღკვეთის საშუალება იყოს.

ამერიკელები პირადი ინფორმაციის დაცულობას აფასებენ, მაგრამ არჩევანის შემთხვევაში, ბევრი პრიორიტეტად ეროვნულ უსაფრთხოებას ასახელებს.

“უსაფრთხოება”
“უსაფრთხოება”
“ინფორმაციის დაცვა”
“ორივე მნიშვნელოვანია”

ტიმ კუკი, “ეფლის” ხელმძღვანელი თვლის, რომ მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება მისი კომპანიის ტელეფონს ჰაკერებისგან შედარებით დაუცველს გახდის. “ეფლის” მხარდაჭერა სამშაბათს, ბარსელონაში მიმდინარე მობილური სამყაროს კონგრესზე სიტყვის გამოსვლისას, “ფეისბუქის” დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმაც გამოხატა.

“არა მგონია, რომ უკანა კარიდან დაშიფრულ ინფორმაციაში შეღწევა უსაფრთხოების გაზრდის ეფექტური მეთოდი იყოს. ან რომ საერთოდ სწორი არჩევანია იმ გზაზე, რა მიმართულებითაც სამყარო ვითარდება”.

მაგრამ ბილ გეიტსის აზრით, “ეფლს” აქვს იმის საშუალება, რომ სან-ბერნარდინოს მასობრივი მკვლელობების ავტორის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მთლიანად “აიფონებში” ე.წ. უკანა კარის გატეხვის გარეშე მოხდეს. “ფაინენშალ თაიმსთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას იგივე მოთხოვნის წაყენება ბანკთან, ან სატელეფონო კომპანიასთანაც შეუძლია.

“ვთქვათ, ეს ბანკია და ოფისის მაგიდა ყვითელი ზონარითაა შემოკავებული. ბანკირი ამბობს: მე მას ვერ გავჭრი, რადგან დამნაშავე ისეთი საშიშია, რომ ბევრჯერ შეიძლება ამის გაკეთება მომიწიოს. საკითხი მარტივად დგას: ამომრჩევლებს რა სურთ? ნებისმიერ შემთხვევაში მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, თუ კონკრეტულ სიტუაციაში?”

გეიტსი თვლის, რომ ხელისუფლებამ და ტექნო-კომპანიებმა უნდა მონახონ გზა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოებაც დაიცვან და მათი პირადი ინფორმაციაც.

“ვფიქრობ, ხალხის სურვილია, მთავრობა მათი სახელით ისე მოქმედებდეს, რომ მათ თავი დაცულად იგრძნონ”.

გეიტსთან ერთად, ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა, რათა ეს საკითხი მოსალოდნელი პრეცედენტების გათვალისწინებით, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს.

“ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის სულ რამდენიმე დღეში ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი, რადგან ორივე მხარე აცნობიერებს საკითხის სირთულეს და მის მნიშვნელობას”.

შედეგს არამარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში ელოდებიან, ვინაიდან მსგავსი დილემის წინაშე სულ მალე შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა აღმოჩნდეს.