"ეფლი" ბოდიშს იხდის

კომპანია „ეფლმა“ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მოძველებული „იფონების“ საექსპლუატაციო მონაცემებს საიდუმლოდ აქვეითებდა.

გუშინ გამოქვეყნებულ „ეფლის“ განცხადებაში ნათქვამია: „ვიცით, რომ ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, „ეფლმა“ ზურგი შეგაქციათ. ბოდიშს გიხდით... არასდროს გაგვიკეთებია და არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ „ეფლის“ ნებისმიერი პროდუქტის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეგნებულად შევამციროთ ან მისი მონაცემები გავაუარესოთ, რათა მომხმარებელს მისი განახლებისკენ ვუბიძგოთ.“

ამ კვირის დასაწყისში „ეფლმა“ აღიარა, რომ ძველი ტელეფონების საექსპლუატაციო მონაცემებს აქვეითებდა.

„ეფლის“ განცხადების მიხედვით, გასულ წელს შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოძველებული ლითიუმ-იონის ბატარეების გამო წარმოქმნილი პრობლემების საპირწონედ, ძველ მოდელებს სიჩქარეს უმცირებდა. ასეთი ბატარეები ხანდახან საოპერაციო პრობლემებს, ან ტელეფონის მოულოდნელ გათიშვას იწვევს.

მომხმარებლის შეშფოთების საპასუხოდ, "ეფლი" გარკვეულ ზომებს მიმართავს. მათ შორისაა, „აიფონ 6“ და უფრო ახალი მოდელებისთვის, საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, ბატარეის შეცვლის საფასურის, 79 დოლარიდან 29 დოლარამდე შემცირება.