სააგენტო "ასოშეითიდ პრესმა" წლის ადამიანად დონალდ ტრამპი დაასახელა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

"ასოშეითიდ პრესის" თქმით, 2016 წლის აშშ-ის არჩევნები 2016 წლის მთავარი თემა იყო. სააგენტომ დონალდ ტრამპი, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, წლის ადამიანად დაასახელა.

კორბელის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები სკოლის პროფესორის, ჯონათან ადელმანის თქმით, 2016 წლის მთავარ თემებს შორის, მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, შემდეგ მას ევროპის მიმდინარე საიმიგრაციო კრიზისი მოსდევს.

ამასთანავე, მსოფლიო საინფორმაციო და გეოპოლიტიკური კვლევების კომპანიის, "სტრატფორის" მიხედვით, 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მსოფლიო პოლიტიკაში ნაკლები ჩართულობის პოლიტიკას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. იზოლაციონისტური პოლიტიკა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო. კვლევითი კომპანიის თქმით, ნაციონალიზმის ზრდა მსოფლიოს გარშემო მთავარი საკითხი იქნება, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ევროკავშირის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამასთანავე, საფრანგეთში, გერმანიასა და სავარაუდოდ იტალიაში არჩევნები გაიმართება.

"სტრატფორის" თქმით, ევროპის პრობლემები შესაძლებლობას მისცემს რუსეთს ამ ვითარებით ისარგებლოს. მოსკოვი შეეცდება ევროპაში და სამეზობლოში გავლენის გაძლიერებას, რათა მოახერხოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება. ამასთანავე, სირიაში სიტუაციის გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა, და კომპანიის თქმით, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობების გაუარესებას უნდა ველოდოთ. კომპანია ვარაუდობს ალ-ყაიდის ტერორისტული ქსელის გაძლიერებას და ნავთობზე ფასის ზრდას.