კოვიდ-19 ადამიანს ღამურებიდან, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ცხოველის გავლით გადაედო

პიტერ ბენ ემბარეკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი პრესკონფერენციაზე ვუჰანში, 9 თებერვალი, 2021

"ასოშეითედ პრესი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის ერთობლივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, რომლის თითქმის საბოლოო ვარიანტიც გამოქვეყნებამდე საინფორმაციო სააგენტოს ჯანმოს დიპლომატმა ანონიმურად მიაწოდა, კოვიდ-19-ის ღამურებიდან ადამიანებზე გადადება, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი ცხოველის მეშვეობით მოხდა.

ამავე კვლევისა და ერთობლივი გამოძიების შედეგების თანახმად, "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოდაა" მიჩნეული ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელება. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ვირუსისადმი წაულები და კატებიც მგრძნობიარენი არიან და მისი გადამტანები ისინიც შეიძლება იყვნენ.

ასევე ნახეთ: 5 მიზეზი, თუ რატომ არის აუცილებელი მივიღოთ ვაქცინა

ანგარიში დიდწილად იმ ინფორმაციას ეურდნობა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა წლის დასაწყისში, ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში ვიზიტისას შეაგროვეს. ვირუსი პირველად სწორედ ამ პროვინციაში გავრცელდა.

მსოფლიოში კორონავირუსი კვლავ ვრცელდება. მექსიკამ კორონავირუსით ან მასთან დაკავშირებული გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვები ოფიციალურად შეცვალა და ის ახლა 60%-ით უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ამის შედეგად, მექსიკა მსოფლიოში მსხვერპლის რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ პირველი ქვეყანა გახდა. თუმცა მექსიკისთვის, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც ამერიკისა და ბრაზილიის მოსახლეობაზე ბევრად ნაკლებია, ეს შოკისმომგვრელი რიცხვებია.

მექსიკის ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მონაცემები შაბათს გამოაქვეყნა და ამის შემდეგ რაოდენობა 321 000 გახდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, ამერიკაში კორონავირუსის პანდემიას თითქმის 550 000 ადამიანი ემსხვერპლა. ბრაზილიაში კი - 312 000-ზე მეტი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ მექსიკაში ვირუსის მსხვერპლთა რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთული იყო და უამრავი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოებში ან მით უფრო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ვერ მოხვდა, საკუთარ სახლებში გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი მონაცემები გარდაცვალების დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოაქვეყნა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიური ვაქცინაციის მიუხედავად, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მაღალი რჩება. ენტონი ფაუჩი, ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტი ამბობს, რომ ეს შესაძლოა ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვის ნაადრევ მოხსნას უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო შესვენებებს. მისი თქმით, ზოგიერთ შტატში მაჩვენებლები მაღალია და მესამე ტალღის რისკი გამორიცხული არ არის.

ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას კვირას, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ შეერთებულ შტატებში ინფიცირების მაჩვენებლები ბოლო დროს არ მცირდება, რადგან მოქალაქეებმა ყურადღება მოადუნეს.

კვირასვე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ 51.5 მილიონმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ერთი დოზა მაინც უკვე გაიკეთა.