ვის სძულს ებრაელები?

"ალფრედ დრეიფუსისთვის რანგის ჩამორთმევა" - ჰენრი მილერის ნახატი, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა. წყარო: ვიკიპედია

„მე ბრალს ვდებ“, - ასე იწყება ემილ ზოლას ღია წერილი, რომელშიც ის საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს და არმიას ბრალს სდებს ებრაელი ოფიცრის ალფრედ დრეიფუსის სახელმწიფო ღალატში უსაფუძვლოდ დადანაშაულებაში. მეოცე საუკუნის მიჯნაზე ეს სასამართლო პროცესი და ბრალდება დრეიფუსის წინააღმდეგ ებრაელების მიმართ გავრცელებული ცრურწმენების ნაწილი იყო, რომ ისინი სახელმწიფოს მიმართ ერთგულები არ იყვნენ.

ეს ცრუ შეხედულება ებრაელებზე ეპიზოდური არაა. ებრაელი ხალხის მიმართ მტრულმა დამოკიდებულებამ, ანუ ანტისემიტიზმმა, კულმინაციას ჰოლოკოსტის დროს მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა ექვსი მილიონი ებრაელი მხოლოდ იმ მიზეზით მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ.

ჰოლოკოსტის მძიმე მემკვიდრეობის და ცივილიზებული სამყაროს მიერ მისი დაგმობის მიუხედავად, ანტისემიტიზმი არ გამქრალა. ებრაელების მიმართ დღეს ხშირად გაისმის ბრალდებები, რომ ისინი აკონტროლებენ მსოფლიო ფინანსებს, მედიას და არიან გლობალური შეთქმულების ნაწილი.

წყარო: ვიკიპედია

დღეს ძალადობა და აგრესიული რიტორიკა ებრაელების წინააღმდეგ ისეთ ქვეყნებშიც მატულობს, როგორიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. „ხშირად ამბობენ, რომ ებრაელები მაღაროებში კანარის ჩიტები არიან, ისინი არიან საზოგადოების დაავადებების ბარომეტრი“, - თქვა ბენჟამინ ჰადადმა „ატლანტიკური საბჭოდან“. „ ჩვენს საზოგადოებებზე დღეს ბევრი ფენომენი ახდენს გავლენას: შეთქმულების თეორიების ზრდა, ანტი-ელიტური მოძრაობები და პოპულიზმის ტალღა, და ეს ყველაფერი ერთმანეთთან იკვეთება“, - ამბობს ის და მიუთითებს, რომ „ეს რამდენიმე ახალი ფენომენია, რომელიც ძველ სიძულვილს მოიცავს“.

საფრანგეთში, 2014 წლის შემდეგ განსაკუთრებით იმატა ებრაელების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებმა. ფრანგი ავტორი, მარკ ვაისმანი, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ საფრანგეთში რადიკალ მემარჯვენე, მემარცხენე და ისლამისტ ჯგუფებს შორის „ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის თანხვედრას ვხვდებით“.

“2014 წელს ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა, მემარჯვენე ჯგუფების საპროტესტო გამოსვლაზე [საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა] ოლანდის წინააღმდეგ პირველად გაისმა ისეთი ანტისემიტური სლოგანები, რომლებსაც 30-იან წლებში გაიგონებდით - „ებრაელებო, საფრანგეთი თქვენი არაა,“ - ამბობს ვაისმანი. „ამის შემდეგ, მუსლიმებით დასახლებულ გარეუბნებში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა. ამ ორ განვითარებას ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა დინამიკა საერთო იყო“, - ამბობს ის. „დინამიკა ამის შემდეგ არ შეცვლილა, 2014 წლის დემონსტრაცია წინ უსწრებს დღეს მიმდინარე ყვითელი ჟილეტების მოძრაობის დემონსტრაციებს. "ანტისემიტურმა ინციდენტებმა ამ წელს გარეუბნებში 800-ს მიაღწია“, - თქვა მან.

2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა საფრანგეთში 74 პროცენტით გაიზარდა. ეს ნაწილობრივ ყვითელი ჟილეტების მოძრაობას უკავშირდება, რომლის ანტი-გლობალისტური განწყობები თანხვედრაშია და იმეორებს შეთქმულების თეორიას, რომ ებრაელები საერთაშორისო კაპიტალს და ბანკებს აკონტროლებენ. „სიძულვილი იკვეთება რადიკალ მემარჯვენე, მემარცხენე და ისლამისტ ჯგუფებს შორის“, - ამბობს ბენჟამინ ჰადადი, ატლანტიკური საბჭოდან. „მათ შორის განსხვავებები არსებობს, თუმცა ჩვენ ვხედავთ მსგავს განცხადებებს, მსგავს ბრაზს და ძალადობას და ეს ებრაელების წინააღმდეგაა მიმართული. საინტერესოა, რომ საფრანგეთში სამივე მათგანი გვხვდება“, - ამბობს ის.

თუმცა, საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა არაა, სადაც ანტისემიტურმა განწყობებმა მოიმატა. დიდ ბრიტანეთში, გასულ წელს ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული ინციდენტების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინი ანტისემიტურ განცხადებების გამო ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა. ამ სიძულვილს სხვადასხვა „ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით ვხვდებით. დიდ ბრიტანეთში რადიკალი მემარცხეენეების და ანტი-სიონიზმის ზრდას ვხედავთ, რომელმაც ლეიბორისტული პარტიის ეშელონებში შეაღწია. მსგავსი საუბრები მიდის შეერთებულ შტატებშიც. ეს დღეს დასავლური საზოგადოების დაავადებების მაჩვენებელია“, - ამბობს ჰადადი.

57 პროცენტით მეტი ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა 2018 წელს ამერიკაშიც (ანტი-დიფამაციის ლიგის მონაცემებით). ოქტომბერში, მემარჯვენე ექსტრემისტმა, პიტსბურგში „სიცოცხლის ხის“ სინაგოგაში, სიძულვილის საფუძველზე, 11 ადამიანი მოკლა და 7 დაჭრა. ეს შეერთებულ შტატებში ებრაელებზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.

ვაშინგტონში, ანტისემიტიზმზე საუბარი კიდევ ერთხელ განახლდა ახალწვეული დემოკრატი კონგრესმენის ილჰამ ომარის ამერიკელ ებრაელებზე და ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ. 2012 წელს ომარმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ისრაელს მსოფლიო ჰიპნოზის ქვეშ ჰყავს მოქცეული“. კონგრესში თანამდებობის დაკავებასთან ერთად, იანვარში, მან ამ განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა. თუმცა, თებერვალში ის კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც თქვა, რომ ამერიკის კონგრესი ისრაელს მხარს „ბენჯამენების გამო" უჭერს (რაც ხშირად 100 დოლარიან კუპიურას გულისხმობს) იმ მითითებით, რომ ისრაელის მომხრე ლობი ამერიკელ პოლიტიკოსებს ფულს უხდის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.

ამის შემდეგ ომარმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში, თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ერთ-ერთ გამოსვლაში, ის ცდილობდა აეხსნა, რომ ის და მისი კოლეგა, კონგრესმენი რაშიდა ტლაიბი, კრიტიკის ქარცეცხლში მათი რელიგიური კუთვნილების გამო ხვდებიან. მან თქვა, რომ „ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ ისრაელის შესახებ, ანტისემიტურად აღიქმება იმის გამო, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ“. თუმცა, მან იქვე დასძინა: „მე მინდა ამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გავლენაზე ვისაუბრო, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის ერთგულება მისაღებია“. პასუხად, დემოკრატიულმა პარტიამ რეზოლუცია მიიღო სიძულვილის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრის კომენტარების არაპირდაპირი დაგმობა იყო.

ომარს იმ მიზეზით აკრიტიკებდნენ, რომ მისი გაჟღერებული კომენტარები ემთხვევა შეთქმულების თეორიებს ებრაელების არალოიალურობის და არასანდოობის შესახებ. მსგავსად დრეიფუსის შემთხვევისა.

შეთქმულების ეს თეორიები საფუძველს რუსეთის იმპერიაში იღებს. ანტისემიტიზმის ერთერთი „საბაზისო ნაშრომი“ „სიონის ბრძენთა პროტოკოლია“. ის მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და ბრალს სდებს ებრაელებს ფინანსური ინტერესების გასატარებლად დასავლური ქრისტიანული საზოგადოებებისთვის ძირის გამოთხრაში. ეს მოსაზრება მოგვიანებით ნაცისტებმა აიტაცეს.

განსხვავებით რუსეთის იმპერიის სხვა ერთეულებისგან (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი), საქართველოში ებრაელების წინააღმდეგ ძალადობა არ მომხდარა. სწორედ რუსეთის იმპერიის შემადგენელ ქვეყნებში იღებს სათავეს ებრაელთა დარბევა, მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, ე.წ. "პოგრომები“, რომლებიც ებრაელების წინააღმდეგ კოლექტიური ძალადობის აღსანიშნავ ზოგად ტერმინად გადაიქცა. დღემდე, დავის საკითხია უკრაინელ ნაციონალისტთა მოძრაობების და მათ ლიდერების, მათ შორის სიმონ პეტლიურას და სტეფან ბანდერას, როლი დასავლეთ უკრაინაში, ებრაელთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში.

ისტორიას თუ გადავხედავთ პარადოქსია, რომ უკრაინელთა მხოლოდ 5 პროცენტს არ სურს ებრაელები თანამოქალაქეებად, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში 12 პროცენტია. „პიუს კვლევების ცენტრის“ 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტი ამბობს, რომ ებრაელებს მეზობლად არ ისურვებდნენ და 62 პროცენტს მათი ოჯახში მიღება არ უნდა. საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ებრაული თემი 6000 ადამიანს არ აღემატება.

რა განაპირობებს ანტისემიტიზმს მოსახლეობის ნაწილში, მაშინ როდესაც ისრაელთან მეგობრობით ქართველების უმეტესობა ამაყობს?

როგორც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკლევარი ემანუელ დრეიფუსი აღნიშნავს, ეს სავარაუდოდ ნაციონალისტურ ჯგუფებს უკავშირდება, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების და იმიგრანტების წინააღმდეგ გამოდიან. ალბათ, შორს არ წავალთ, თუ ვიტყვით, ეს წრე იმ ადამიანებს მოიცავს, რომლებიც თვლიან, რომ ქართულ და მსოფლიო პოლიტიკას ებრაელი ჯორჯ სოროსი აკონტროლებს.

„ჩემი აზრით, პიუს ეს მონაცემები უფრო მეტად ულტრა-მემარჯვენე ნაციონალიზმის გამოხატულებაა, ვიდრე ანტისემიტიზმის ზრდის“, - ამბობს ემანუელ დრეიფუსი. „ისტორიული პერსპექტივა, ის ფაქტი, რომ ებრაელები საქართველოში ყოველთვის ცხოვრებდნენ, მათ საქართველოს სამეფოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და ჰოლოკოსტთან დაკავშირებული მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს მომხდარა, ხსნის თუ რატომაა საქართველოსთვის ანტისემიტიზმი ასე უცხო“, - უთხრა მან "ამერიკის ხმას".

26 საუკუნის მეგობრობაზე, საქართველოში, საჯარო და სასულიერო პირები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა ებრაელებზე საუბრისას მაინც მოისმენთ გავრცელებულ სტერეოტიპებს, როცა მათ მოიხსენიებენ, როგორც გაქნილ, ფულით დაინტერესებულ და „აფერისტ“ ადამიანებად.​ თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ეთნოცენტრიზმია - საკუთარი კულტურის უპირატესობის განცდა და ნეგატიური დამოკიდებულება სხვების მიმართ.

„ეს არ ეხება მარტო ებრაელებს... ზოგადად პრობლემაა ეთნიკური დახურულობა, რისი მიზეზიც ტრადიციული სტერეოტიპებია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან დაკავშირებით, მათ შორის, ანტისემიტური სტერეოტიპებიც“, - ამბობს ის . „არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ბევრი წარმომადგენელი თვითონ ცდილობდა ასიმილაციას, საკუთარი წარმომავლობის დაფარვას გვარის გადაკეთებით, - განსაკუთრებით ამ მხრივ სომხები და ებრაელები გამოირჩეოდნენ, რადგან სხვა ეთნიკური ჯგუფები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად იყვნენ აღქმული“, - ამბობს მინდიაშვილი. ის დასძენს, რომ ამ სტერეოტიპების დასაძლევად გამართული განათლების სისტემაა საჭირო.

1898 წელს, დრეიფუსის დაცვისთვის ემილ ზოლა სასამართლომ ცილისწამებაში ცნო დამნაშავედ. დრეიფუსის საქმე დღემდე საფრანგეთის ისტორიის შავი ლაქაა და რჩება უსამართლობის უნივერსალურ მაგალითად.