ჯეიმს კომი კონგრესის წინაშე ხუთშაბათს წარდგება

ჯეიმს კომი, FBI-ის ყოფილი დირექტორი

ჯეიმს კომიმ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გადააყენა, ხუთშაბათს სენატის წინაშე წარდგება. ყოფილ დირექტორს დაზვერვის კომიტეტის წევრების შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა: ნამდვილად ცდილობდა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მასზე ზეწოლის მოხდენას და რა კონკრეტული საუბარი უძღოდა წინ მის გადაყენებას.

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამართული ამგვარი დაკითხვების ისტორიაში ეს სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე სიანტერესო და ხმაურიანი დაკითხვა იქნება, რადგან კომი სწორედ ის პირია, რომელმაც რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ ყველაზე მეტი რამ იცის. ის თავად ხელმძღვანელობდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრებსა და რუსეთის მთავრობას შორის ყველანაირი შესაძლო კავშირის მოკვლევას და თეთრი სახლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მას სავარაუდოდ თავისი სიტყვების დამტკიცებაც შეეძლება.

რუსეთთან დაკავშირებულმა გამოძიებამ კიდევ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა მას შემდეგ გამოიწვია, რაც ტრამპმა ის მოულოდნელად გადააყენა. „ის არ აკეთებდა თავის საქმეს კარგად“, - პრეზიდენტი ამ განმარტებით შემოიფარგლა. შემდეგ კი:

„ჩვენ მშვენივრად ვსადილობდით და მან მითხრა, რომ მე გამოძიების ცენტრში არ ვიყავი, ცხადია, მე ეს ისედაც ვიცოდი“, - განაცხადა პრეზიდენტმა კომის შესახებ. მოგვიანებით კი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში კომის ასევე გადაუკრა სიტყვა გარკვეული საუბრების ჩანაწერების არსებობაზეც. ბევრმა, ეს მუქარად მიიჩნია. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა რუს დიპლომატებთან შეხვედრისას, კომის „შეშლილი“ უწოდა.

კომის სიჩუმე კვირების მანძილზე არ დაურღვევია. გახსნის თუ არა ის საპასუხო ცეცხლს, ეს ხუთშაბათს გახდება ცნობილი. ვაშინგტონში ელოდებიან, რომ ის საგამოძიებო კომიტეტს იმ ჩანაწერებს გადასცემს, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, და რომლებიც პრეზიდენტის მიერ მისგან გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნას შეეხებოდა.

გამოძიების შესახებ კომი კომენტარს აქამდე არ აკეთებდა, თუმცა განსხვავებით ბიუროს დირექტორ კომისგან, მოქალაქე კომიმ შესაძლოა თავს უფრო მეტის თქმის უფლება მისცეს. კანონმდებლებს მისი და პრეზიდენტის საუბრის დეტალები აინტერესებთ.

„თითოეული კონკრეტული სიტყვა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის სიტყვები, რაც თებერვალში პრეზიდენტისა და კომის შეხვედრისას ითქვა“, ამბობს რესპუბლიკელი სენატორი სიუზენ კოლინსი. სენატორი მარკო რუბიოც კომის ჩვენებას ელოდება.

თეთრ სახლს კი არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია იმის შესახებ, გაუწევს თუ არა წინააღმდეგობას ამგვარ დაკითხვას. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი შონ სპაისერი ამბობს, რომ ამაზე სამართლებრივ საკითხთა საბჭოსთან არ უსაუბრია და არ იცის იქნება თუ არა შესაბამისი რეაგირება.