"რუსეთს არ აინტერესებს აფხაზეთის საზოგადოების აზრი", - ნუკრი ნოდია

ოკუპირებული ბიჭვინთის აგარაკი. აფხაზეთი, საქართველო

სოხუმში, ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატები 27 დეკემბერს, დილის 05:30 საათზე შეიკრიბნენ, და ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაულოცეს. 35 დეპუტატიდან სხდომას 28 დაესწრო, რომელთაგან 26-მა ხმა აგარაკების გასხვისების სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრის დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციული შენობის ფანჯრებს მიღმა იდგა და რუსეთისადმი მიწის ჩუქებას აპროტესტებდა.

„ჩვენ რეგლამენტი არ დაგვირღვევია, ყველაფერი კანონიერად ჩავატარეთ,“- აცხადებდა მოგვიანებით ხალხთან გამოსული ლაშა აშუბა, დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე. დილის ექვსის ნახევარზე ხალხი უკვე იყო მობილიზებული და მის გამოსვლას „ლაშას“ სკანდირებით ითხოვდა.

ლაშა აშუბა, დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის გარეთ, კიბეზე მდგარი განუმარტავდა ხალხს, რატომ და როგორ მიიღეს ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების გადაწყვეტილება.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა აშუბა, დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარე

„ეს იყო კონსენსუსური გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თანამონაწილეობით“,- ამბობდა ის. „დეპუტატებს არ სურდათ ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმის მიცემა, სანამ არ დავაზუსტებდით კოორდინატებს. ასევე, დოკუმენტში ჩავწერეთ, რომ მესამე პირზე ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა აკრძალულია. ამის შემდეგ, დეპუტატებმა ხმა მისცეს გადაწყვეტილების სასარგებლოდ. 28 წევრი იღებდა სესიაში მონაწილეობას. სამი კანონი მივიღეთ და მოვახდინეთ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გადაწყვეტილების რატიფიცირება 26 ხმით,“- ხსნიდა ლაშა აშუბა.

სოხუმი, აფხაზეთი. ხალხი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს

- "თქვენ ხართ მოღალატეები";

- "ღალატობთ კონსტიტუციას";

- "კონსტიტუციაში რა წერია"?

- "ლაშა აშუბა, საკუთარ ხალხს ღალატობ!" - ისმოდა შეძახილები პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისგან. აშუბა კვლავ განმარტავდა, რომ რეგლამენტი არ დარღვეულა, გადაწყვეტილება სამივე მოსმენით იქნა მიღებული.

- „ეს ყველაფერი დახურულ რეჟიმში?“

- „ჟურნალისტები რატომ არ დაასწარით სესიას? - კითხულობდნენ შეკრებილები.

- ეს არა მხოლოდ სირცხვილია, თქვენ დამნაშავეები ხართ.

- მოღალატეები ხართ!“

- „გთხოვთ, არ გაამწვავოთ სიტუაცია და დაიშალოთ. მადლობა,“- ეს იყო ლაშა აშუბას ბოლო სიტყვა, რის შემდეგაც ის შენობაში შებრუნდა.

Your browser doesn’t support HTML5

"ბიჭვინთის მცველები" სოხუმში ადამიანებს შეკრებისკენ მოუწოდებენ

პარალელურად, გავრცელდა „ბიჭვინთის მცველების“ ვიდეო მიმართვა, სადაც ახალგაზრდები მოქალაქეებს მიმართავენ და მობილიზაციისკენ მოუწოდებენ.

„რა მოხდა დღეს? დილის 6 საათზე, ჩვენმა სახალხო წარმომადგენლებმა აჩვენეს თავისი ჭეშმარიტი დამოკიდებულება ხალხისადმი. მათ ბიჭვინთის გადაცემის რატიფიცირება მოახდინეს. ექსპერტები იტყვიან, რამდენად დაირღვა კანონები. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ სესია, რომელიც ჩანიშნული იყო 28 დეკემბერს, ჩატარდა 27-ში, დეპუტატები დილის 05:30 სთ-ზე იღებდნენ გადაწყვეტილებას . რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ აქედან? შეგვიძლია თქმა, რომ დეპუტატები დარწმუნებული იყვნენ საკუთარი ქმედების კანონიერებაში? არა, ამის თქმა არ შეგვიძლია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ჩვენ აქ ვართ,“ - ნათქვამია მიმართვაში.

სოხუმი, აფხაზეთი. ხალხი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ ქუჩაშია გამოსული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.“

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.“

Your browser doesn’t support HTML5

თეონა აქუბარდია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი

პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ რუსეთი ძლიერ ბერკეტებს იყენებდა აფხაზების გასატეხად. მათ შორის იყო ოკუპირებული ტერიტორიის ელექტროენერგიის გარეშე დატოვების საფრთხეც. ის ვაჭრობს დასავლური ფონდების ხელმისაწვდომობის მოსპობითაც ადგილობრივ საზოგადოებასთან. დეპუტატი გვეუბნება, რომ ეს პროცესი არ გაჩერდება ბიჭვინთის ანექსიით. „აფხაზეთს რუსეთმა უკვე ჩამოაჭრა ნაწილი, სოფელ აიბღას სახით, ეს უკვე გაუვიდა და კრასნოდარის ოლქს მიუერთა. ჩვენ მაშინ, ჩემი ინიციატივით მივიღეთ შესაბამისი რეზოლუცია პარლამენტში. ახლაც ვაპირებ წარვადგინო რეზოლუციის პროექტი, თუმცა გინტურის საქმეზე შედგენილი დოკუმენტიც თაროზეა შემოდებული და არ ვიცი, რადგანაც ეყოლება საკმარისი მხარდამჭერი პარლამენტში, რუსეთის მიერ ბიჭვინთის აგარაკების უკანონო მიტაცების შესახებ რეზოლუციას. დამატებით, ახლა გაგრის რაიონის მიმართაა რუსეთის მადა გაზრდილი,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

დეპუტატი ბიჭვინთის ანექსიის საკითხს განიხილავს ფართო ჭრილში, მათ შორის ოჩამჩირის პორტისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის შემადგენლობით. „დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთს ყირიმის დატოვება მოუწევს. ბიჭვინთის შემდგომ, ოჩამჩირის სამხედრო ბაზის საკითხი მეორე ფრონტის რეალური შესაძლებლობაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა ამის თაობაზე (და მას ამის სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვს), არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ მოვისმინეთ, ნატოს ოფიციალური პირის, კოლომინას განცხადებაც. შავი ზღვის უსაფრთხოება არაა მხოლოდ საქართველოს ან მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი, ესაა ნატოს უსაფრთხოების ინტერესიც“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ის, რასაც რუსეთი აფხაზეთში აკეთებს, კარგა ხანია გასცდა ოკუპაციის ფარგლებს და გადაიზარდა ანექსიაში.

Your browser doesn’t support HTML5

ნუკრი ნოდია, "მოძრაობა აფხაზეთისთვის", დამფუძნებელი

„რუსეთისთვის აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარება, უბრალოდ ფარატინა ქაღალდია. იმედი მაქვს, ამას ხედავენ აფხაზეთშიც. ის რომ „უფროსი ძმა“ არ მიიჩნევს აფხაზებს არც თანასწორად და არც სრულფასოვან სახელმწიფოდ, მოწმობს მისი დამოკიდებულება, როდესაც სამომავლო გეგმაში აფხაზეთს კრასნოდარის მხარედ წარმოაჩენს. მან დაიწყო ანექსია ოკუპირებულ აფხაზეთში. ვხედავთ, რომ წინასაახალწლო დღეებია, მაგრამ ხალხი მაინც ქუჩაში დგას სოხუმში. რთულია თქმა, რას იზამს ხალხი და ოპოზიცია. ცხადია, საზოგადოება წინააღმდეგია ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის, მაგრამ ხელისუფლებამ ეს მაინც გაბედა. ამბობენ, რომ გაგრძელდება უწყვეტი პროტესტი, მაგრამ რამდენად შედეგიანი იქნება ეს, ამას დრო გვიჩვენებს. ცხადი არის ერთი რამ - რუსეთს არ აინტერესებს აფხაზეთის საზოგადოების აზრი,"- ამბობს ნუკრი ნოდია.

„მოძრაობამ აფხაზეთისთვის“ თბილისში, პარლამენტთან 27 დეკემბერს აქციაც გამართა, სადაც ახლა უკვე ანექსირებული ბიჭვინთის აგარაკის ფოტოები წარმოადგინეს. თბილისში საზოგადოება ხელისუფლებისგან მეტი პროაქტიული ნაბიჯის მოლოდინშია აფხაზეთის ანექსიური პროცესების საპასუხოდ.